ამერიკის ოქროს საცავის საიდუმლოებანი

უბრალო მოკვდავს აქ ფეხი არასდროს დაუდგამს, აშშ-ის პრეზიდენტისთვისაც კი შესვლა აკრძალულია.

მსოფლიოს ყველაზე ხელმიუწვდომელი ადგილი - ფორტ ნოქსი - ოქროს ნამდვილ საცავს წარმოადგენს. ფორტ ნოქსში 4176 ტონა ოქრო ინახება, სწორედ ამდენს შეადგენს აშშ-ის ოქროს მარაგი.

ამერიკის მთავარ საცავს გენერალ ჰენრი ნოქსის პატივსაცემად უწოდეს სახელი. საცავი გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. ”ოქროს სეიფის” მშენებლობას დიდი დეპრესია და ფრანკლინ რუზველტის მიერ გაცემული ცნობილი განკარგულება №6102 (1933 წლის 5 აპრილი) უძღვოდა წინ.

განკარგულების თანახმად, საბანკო დარგის კრიტიკული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ამერიკის ტერიტორიაზე ფიზიკური, იურიდიული პირები (მათ შორის უცხოელი მოქალაქეები, კომპანიები, რომლებიც ოქროს ამერიკის ტერიტორიაზე ინახავდნენ) იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვალდებულნი იყვნენ 1933 წლის 1 მაისამდე ამერიკის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ბანკში (ვისაც ოქროს მიღების უფლება ჰქონდა მინიჭებული) ოქრო ქაღალდის ფულზე გადაეცვალა.

ოქროს მფლობელებს შეეძლოთ ლეგალურად მხოლოდ 100 დოლარის ღირებულების მონეტები და ზოდები დაეტოვებინათ. ოქროს მეტი ოდენობით შენახვის ნებისმიერი ფაქტი ისჯებოდა ჯარიმით 10 ათასი დოლარის ოდენობით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთით. შედეგად, ფედერალური რეზერვი წარმოუდგენლად გამდიდრდა: 4 წლის განმავლობაში მისი მარაგი 4 ტრილიონი დოლარიდან 12 ტრილიონამდე გაიზარდა.

განკარგულებამ აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს ისტორიის განვითარებაზე დიდი კვალი დატოვა. აშშ-ის ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოსახლეობის მთელი ოქროს კონფისკაცია, მაგრამ ოქრომ, როგორც ლეგალური გადახდის საშუალებამ, აშშ-ის ტერიტორიაზე არსებობა შეწყვიტა. ამან ხელისუფლებას გზა გაუხსნა, ”დაეტბორა” ქვეყანა საინფლაციო დოლარებით, რასაც ეყრდნობოდა რუზველტის ეკონომიკური პროგრამა ”ახალი კურსი”. მხოლოდ 1974 წელს აღუდგინა აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის მოქალაქეებს ოქროს ლეგალურად ქონის უფლება, რუზველტის განკარგულება კი ძალადაკარგულად ცნეს.

ბევრი ოქრო - ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სად უნდა შეინახო ტონობით ძვირფასი ლითონი, და ამასთან, იძინო მშვიდად?

ამერიკის ხელისუფლებას მოუწია თავისი ”სუპერსეიფის” აშენება, რომელსაც მოგვიანებით ფორტ ნოქსი ეწოდა, რომლის მშენებლობისთვის 8,8 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

1937 წელს მიწისქვეშა საცავში ოქროთი დატვირთული პირველი 500 სარკინიგზო ვაგონი გაუშვეს.

რა თქმა უნდა, მსგავსი გადაზიდვები არ აფიშირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ხალხში ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ლეგენდა გაავრცელეს - აშშ-ის ოქროს მარაგის ხელშეუხებლობა, რომელიც თითქოსდა, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციურ ფონდს წარმოადგენს.

ფორტ ნოქსი კენტუკის შტატშია განლაგებული. არსობრივად - ეს აშშ-ის 440 კვ. კილომეტრზე გადაჭიმული სამხედრო ბაზაა, რომელსაც დღეს ტანკისტების სკოლად იყენებენ.

სამხედროებს თითქოსდა არავითარი კავშირი არ აქვთ ამერიკულ საცავთან, მაგრამ თუ ვინმე თავზეხელაღებული გადაწყვეტს საცავის გახსნას, უნდა გაითვალისწინოს, რომ მის წინააღმდეგ დაახლოებით 30 ათასი სამხედრო პირი, ვერტმფრენები და ტანკები ამხედრდება. ამასთან, საცავის წარმოუდგენლად რთული კონსტრუქციაც და სუპერდამცავი საშუალებები.

თავად საცავი მიწისქვეშ ღრმადაა განლაგებული, მისი კედლები გრანიტისგან შედგება, რომელიც ბეტონის სქელი საფარითაა დაფარული, შესასვლელს კი 20 ტონიანი რკინის კარი იცავს. საცავი ნებისმიერ აფეთქებას გაუძლებს, ამბობენ, ატომურ ბომბსაც კი.

კარი, რა თქმა უნდა, კოდირებულია. კოდთან შეხება საცავის მმართველობიდან მხოლოდ 10 ადამიანს აქვს, მაგრამ არცერთი მათგანისთვის შიფრის სრული კომბინაცია ცნობილი არ არის - თითოეულმა კოდის თავისი ნაწილი უნდა შეიყვანოს კარის გასაღებად. კარი იშვიათად იღება, ისიც სპეციალური აუდიტორებისთვის. უკანასკნელი აუდიტორული შემოწმება კი 20 წლის წინ შედგა.

მაგრამ ფორტ ნოქსი არამხოლოდ ყველაზე შეუღწევადი შენობაა მსოფლიოში, იგი ყველაზე გასაიდუმლოებულიცაა, რადგან მხოლოდ ერთეულებს აქვთ წარმოდგენა, თუ როგორაა საცავი შიგნიდან მოწყობილი. დანარჩენები კი კმაყოფილდებიან 30-იანი წლებიდან შემორჩენილი ინფორმაციებითა და ჭორებით.

დუდანა ზაქარაია