მარტში ვადაგადაცილებული სესხები 22.0 მლნ ლარით შემცირდა

მარტში ვადაგადაცილებული სესხები 22.0 მლნ ლარით შემცირდა და 324.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ნათქვამია მარტის ”თვის მიმიხილვაში”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, 2016 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 241.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.62 მლრდ ლარს გაუტოლდა. საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 9.6 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 6.2 პროცენტი იყო. მარტის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 79.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 70.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 46.0 პროცენტს შეადგენდა.

”თვის მიმოხილვის” თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 61.6 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა და 5.43 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში 66.0 მლნ აშშ დოლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.42 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.9 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

მარტის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 22.0 მლნ ლარით შემცირდა და 324.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.0 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 44.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.9 პროცენტს გაუტოლდა.