საქართველოში შემოსული გრანტები 1995-2015 წლებში (დოლარი)

1995-2015 წლებში საქართველომ სხვა­დასხვა ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან გაცემული გრანტების სახით 2,07 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო.

ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაცია შეაჯამა. როგორც ირკვევა, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392.260.000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272.870.000 აშშ დოლარი. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182.140.000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ კი - 129.500.000 აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების სიდიდით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები (912.140.000 დოლარი), საერთაშორისო გაერთიანებებიდან და ორგანიზაციებიდან კი ევროპის კავშირი, კერძოდ ევროკომისია (550.370.000 დოლარი).

წყარო: "კვირის პალიტრა"