გაიფლანგა თუ არა 700 ათასი ლარი ბოტანიკური ბაღის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

"დიდმა პოლიტიკამ" ფლორასა და ფაუნამდეც მიაღწია - ყვავილებისა და ხეების თემა უფრო და უფრო აქტიურად მონაწილეობს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში. პირველ სერიას ერქვა "მცურავი ხე", მეორე სერიას კი "ბოტანიკური გაცვლა-გამოცვლა"...

ხუმრობა იქით იყოს და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კარგად ვერ გაიგო, რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია "ფინსერვის XXI"-მა და რატომ აპროტესტებდნენ ამას "ნაციონალები"(აქციებს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა). მერია შეეცადა განმარტებების გაკეთებას, თუმცა, უკვე ტრადიციულად, ეს გამოუვიდა ბუნდოვნად.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თებერვალში ბოტანიკურმა ბაღმა (მერიის ოფიციალური მიმართვის შემდეგ) "ფინსერვისს" დაუთმო 4 ჰექტარი ფართობი და სანაცვლოდ, ასევე 4 ჰექტარი მიიღო, რომელსაც ეს კომპანია 2007 წლიდან ფლობდა. "ნაციონალებმა" ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ პროტესტის კასკადი მოაწყვეს - არიქა, ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მალულად მიითვისაო. მერიის განმარტებით, "ფინსერვისისთვის" გადაცემული ტერიტორია არ იყო მოქცეული იმ ფართობში, რომელსაც თავის დროზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, საინტერესო საკითხია ის, თუ ვინ რა მოიგო ამ გაცვლა-გამოცვლით. მაგალითად, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ამტკიცებს, რომ ბაღმა მოიგო.

თამაზ დარჩიძე, ბოტანიკური ბაღის დირექტორი: "თბილისის მერიამ მოგვმართა თხოვნით, ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი განგვეხილა, ანუ ვაკე ტერიტორია ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოსულიყო, ბოტანიკური ბაღის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი განაპირა კლდოვანი ბორცვი კი კერძო კომპანიისთვის გადაგვეცა. ჩვენი მოთხოვნა იყო - ტერიტორიის მონაცვლეობას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდებოდით, თუ ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი უცვლელი დარჩებოდა. ეს პირობა შესრულდა. რაც მთავარია, ბაღის კოლექციის განვითარებისთვის გაცვლა გამართლებული იყო - გადმოცემულ ტერიტორიას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, ის ნაწილი კი, რომელიც კომპანიას გადაეცა, აუთვისებელი იყო და არც რაიმე პერსპექტივა ჰქონდა. პარადოქსია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რატომღაც არ საუბრობენ, როდის დაკარგა ბოტანიკურმა ბაღმა თბილისის შემოგარენში საცდელი სადგურები. მაგალითად, 2009 წელს ყვავილოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი თვალსა და ხელს შუა გაქრა. მსგავსი პრობლემა იყო ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, როცა ბაღს მწვანე კონცხზე 500კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს და მისი დაბრუნება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა".

"ვინ დაადგინა, რა არის ცუდი და რა - კარგი?!"

"ნაციონალებისთვის" ბოტანიკური ბაღის დირექტორის არგუმენტი მიუღებელია.

ირაკლი აბესაძე, საკრებულოს წევრი: "ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია მალულად მიითვისა და თანაც ისე დაჩქარებულად, რომ ამ საკითხზე ექსპერტების აზრი არც მოგვისმენია. იქნებ, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ გაგვარკვიოს, ვინ დაადგინა, რომელი ნაწილია უკეთესი და რომელი -ცუდი? კიდევ ერთი საკითხი - ის ტერიტორია, რომელიც კერძო კომპანიამ მიიღო, ლანდშაფტურ ზონას წარმოადგენს, სადაც მშენებლობა ნებადართული არ არის. 2016 წლის 19 მარტს კი, საკრებულომ, ასევე დაჩქარებული

წესით, კონკრეტულად ამ მონაკვეთზე სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობის ნებართვა გასცა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის ახირებას შინდისი-კრწანისის გზის მონაკვეთი ეწირება. გზის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში დაიგეგმა, თუმცა დავით ნარმანიამ ამ სამუშაოების ჩატარება თავის პირველ ამოცანად დაისახა. თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, 30 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სამუშაოების ფარგლებში, 540 ხე უკვე გაიჩეხა, 700 000 ლარიც დაიხარჯა ფართობზე გამავალი გაზსადენის მილის გადასატანად, თუმცა ირკვევა, რომ ტერიტორია ისევ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ობიექტი აღმოჩნდა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სამუშაოების ჩატარება შეჩერდა. მეტიც, მერიამ ეს აღნიშნული ტერიტორია აუქიონზე გასაყიდად გამოიტანა, რომელსაც ეჭვი არ გვეპარება, რომ ისევ "ფინსერვის XXI" შეიძენს. გზის გაყვანა კი, ალტერნატიული ტერიტორიაზე იგეგმება, რაც დამატებით ხარჯს გულისხმობს."

მერიის პასუხი - გაიფლანგა თუ არა 700 ათასი?!

პირველ რიგში, იმის გარკვევა ვცადეთ, მართლა წყალში გადაიყარა თუ არა 700 ათასი ლარი და რატომ გახდა საჭირო გზის პროექტის შეცვლა.

გივი კუბლაშვილი, თბილისი მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი: "გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 700 ათასი ლარი არ დახარჯულა. მილსადენის გადატანაში დაიხარჯა 150 ათასი ლარით ნაკლები, რომელიც ძველი პროექტითაც იყო გათვალისწინებული და ახლითაც. ანალოგიურად - ხეების მოჭრაც მილსადენის გადატანის პროცესში თავიდანვე გათვალისწინებული იყო. რაც შეეხება პროექტის კორექტირებას - პროექტი მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, რომ გზის ღერძის ეფექტურად განვითარება უზრუნველგვეყო. ძველი პროექტის მიხედვით, გზის მარცხენა ზოლის პოტენციალის გამოყენება შეუძლებელი ხდებოდა. ამასთან, სიცრუეა თითქოს კორექტირებული მშენებლობა ბიუჯეტს მეტი თანხა დაუჯდება. გზის მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება და თბილისელები მალე იგრძნობენ ამ გზის მნიშვნელობას.

რას ააშენებს "ფინსერვისი" მიღებულ ტერიტორიაზე

ასევე, ვცადეთ იმის გარკვევა, მართლა გასცა თუ არა საკრებულომ ბოტანიკური ბაღის მიერ "ფინსერვისისთვის" გადაცემულ ტერიტორიაზე რესტორნებისა და სასტუმროების მშენებლობის ნებართვა ან თავად "ფინსერვისი" რის აშენებას გეგმავს.

საკრებულოს ურბანული კომისიის წევრის გიორგი ტყემალაძის მტკიცებით, საუბარია საპარკო ტიპის მშენებლობებზე და პატარა კაფეებზე, რომელიც მშენებარე გზის მიმდებარედ მოეწყობა და არა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბაღმა "ფინსერსვისს" გადასცა. "ამ ყველაფერს ბოტანიკურ ბაღთან კავშირი არ აქვს, და ჩვენი ოპონენტები, უბრალოდ, ცრუობენ. ვიმეორებ, საუბარია მხოლოდ გზის მიმდებარე ტერიტორიაზე", - აცხადებს ტყემალაძე.

რაც შეეხება იმ ტერიტორიას, რომელიც "ფინსერვისის" მფლობელობაში გადავიდა, თავად კომპანაშიც ვერ საუბრობენ, რის აშენებას გეგმავენ. "ჯერჯერობით, პროექტი არ არსებობს, ამიტომ ვერ გეტყვით, საერთოდ იგეგმება თუ არა ბოტანიკური ბაღის მიერ გადმოცემულ ტერიტორიაზე რაიმე მშენებლობა. რაც შეეხება შინდისი-კრწანისის გზის მიმდებარე ფართობზე გამოცხადებულ აუქციონს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ "ფინსერვის XXI" აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენთვის უცნობია, ვინ აპირებს ამ ტერიტორიის შეძენას", - გვითხრა კომპანიის იურისტმა ბესო დემეტრაშვილმა.

პ.ს. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ პროცესების განვითარება საფრთხეს არ შეუქმნის "თბილისის ფილტვებს" და არც პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცევა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

წყარო: "კვირის პალიტრა"