იტალიის სასამართლო - მოშიმშილე ადამიანის მიერ საკვების მოპარვა ქურდობა არ არის

მოშიმშილე ადამიანის მიერ საკვების მოპარვა დანაშაული არ არის. ასეთია იტალიის უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი.

სასამართლო განიხილავდა უკრაინელი უსახლკარო მამაკაცის, რომან ოსტრიაკოვის საქმეს, რომელმაც 2011 წელს იტალიაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან 4 ევროს ღირებულების ყველი და სოსისი მოიპარა.

გასულ წელს საქალაქო სასამართლომ ოსტრიაკოვი ძარცვაში ცნო ბრალდებულად, 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 ევროს ჯარიმა დააკისრა. თუმცა დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა.

დღეს კი, იტალიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინელი უსახლკარო უდანაშაულოა.

სასამართლოს მოსაზრებით, ოსტრიაკოვმა სუპერმარკეტიდან საკვები შიმშილის გამო მოიპარა, შესაბამისად, ეს დანაშაული არ არის.

„ოსტრიაკოვი არ უნდა დაისაჯოს, მცირე ოდენობით საკვები გაჭირვების გამო მოიპარა“, - დაადგინა სასამართლომ.