რა ფართის ბინებს ყიდულობენ თბილისში ყველაზე ხშირად?

უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ტემპი ბოლო დროს მცირედით შენელდა.

ე.წ. ბუმის პერიოდი დროებით წარსულს ჩაბარდა და ახლა მენაშენეები მოსახერხებელი პირობების შეთავაზებითა თუ სხვადასხვა აქციებით ცდილობენ გაყიდვების ზრდას. მოსახლეობის მხრიდან სტაბილური მოთხოვნა ძირითადად მცირე ფართის ბინებზეა. შეიძლება ითქვას, რომ მცირე ზომის ბინების გაყიდვები ბოლო პერიოდში გაიზარდა კიდეც.

პატარა ბინის გაქირავების სიმარტივესა და შემდგომი დანახარჯების სიმცირეს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, მცირე ფართის ბინებზე დიდი მოთხოვნის მიზეზებად ასახელებენ.

,,პატარა ფართები – დაახლოებით 40-დან 60 კვ. მეტრამდე, ჩვენი მომხმარებლის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს. ოროთახიანი, ე.წ.,,სტუდიოს“ ტიპის ბინები სწრაფი ტემპით იყიდება, რადგან ასეთი ბინები როგორც გასაქირავებლად, ისე ახალგაზრდა ოჯახის საცხოვრებლად მისაღებია. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ამ ბინებზე ძალიან დიდია.“ -აღნიშნავს ,,სალვუს დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, დიდი ბინები კონკრეტული საჭიროებისთვის და მრავალსულიანი ოჯახებისთვისაა უფრო ხელსაყრელია. მცირე ფართის ბინებში საწყისი ინვესტიციისთვის გაცილებით ნაკლები თანხის ჩადებაა საჭირო, რაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლების არჩევანსაც განაპირობებს.

სამშენებლო კომპანია ,,new დიღომის“ პროექტების მენეჯერი გიორგი თვარაძეც აცხადებს, რომ პატარა ზომის ბინები გაყიდვების გამოცხადებისთანავე, ძალიან სწრაფად იყიდება და ბაზარზე ამ კუთხით მოთხოვნა გაცილებით დიდია. მისი თქმით, მომხმარებლები ნაკლები ფართის ბინებს უპირატესობას დაბალი ფასის გამო ანიჭებენ. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებიც გათვლას ამ კუთხით აკეთებენ.

,,ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ 80 კვადრატულ და უფრო დიდი ფართის ბინებზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. როდესაც პროექტი ბიუჯეტურია, რა თქმა უნდა, ბინებიც ბიუჯეტურად უნდა გათვალო. როცა მშენებლობას ვიწყებდით, აქცენტი ჩვენც 50-60 კვადრატული ფართის ბინებზე გავაკეთეთ, რადგან ამ სეგმენტის ბინების გაყიდვები ძალიან მაღალია. ჩვენს ახალ აშენებულ კორპუსშიც 60%-ზე მეტს მცირე ფართის ბინები შეადგენს, რომელთა ღირებულებაც 30 ათასი დოლარის ფარგლებშია და მომხმარებლებს მისი შეძენა ნაკლებად უჭირთ. მისაღები ფასი და სარემონტო ხარჯებისთვის საჭირო ნაკლები დანახარჯები - ამ კატეგორიის ბინებზე მოთხოვნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, საწყის ეტაპზევე, უფრო სწრაფად იყიდება“, - აცხადებს გიორგი თვარაძე.

უძრავი ქონების განცხადებების საიტი saqme.ge, რომელის ვებგვერდზეც ყოველდღიურად უამრავი ახალი განცხადება იდება, ბინებზე არსებული მოთხოვნის მსგავს ტენდენციებს ასახავს. საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გარეუბნებში გასაყიდი ბინების 34% და ცენტრალურ უბნებში სარეალიზაციო ფართების 32% სწორედ პატარა ზომის, ერთ და ოროთახიან ბინებზე მოდის. ყველაზე მცირე რაოდენობით კი ოთხი, ან უფრო მეტი ოთახის მქონე ბინები იყიდება. პროცენტული მაჩვენებლებით, მათი რაოდენობა გლდანში, თემქასა და ვარკეთილში 14%, ხოლო ვაკესა და საბურთალოზე 19%-ზე ნაკლებია.

ქრისტინე გამთენაძე