პეტრე ცისკარიშვილი - ბიზნესმენებს აიძულებენ პროექტი Chek in Georgia უანგაროდ დააფინანსონ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიზნესმენებს აიძულებენ, პროექტ Chek in Georgia-ში ჩაერთონ და უანგაროდ დააფინანსონ, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, პროექტი თანდათან უფრო და უფრო ძვირდება.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, პროექტის ღირებულებას 3 მლნ ლარი დაემატა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა ამავე ჯგუფების ხარჯების დაფარვას მოხმარდება. ასევე, გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ჯაზფესტივალის დაფინანსების ფონდი 2 მილიონი უნდა ყოფილიყო და ახლა 2 მილიონ ნახევარს გადაცდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა წლებში ჯაზფესტივალის ხარჯები 600 000 ლარს შეადგენდა. ამ ყველაფერს აკეთებენ ცინიკურად. ხალხის თვალწინ, ყველას დასანახად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ფიქრობენ, რომ ეს მათ საარჩევნო კამპანიას წაადგება. საარჩევნო კამპანიის დახმარებას ფიქრობენ რამდენიმე კუთხით, ერთი მხრივ, რომ ამ კონცერტებით და მსგავსი ღონისძიებებით განწყობას აამაღლებენ და მეორე იმ თვალსაზრისით, რომ ის ჯგუფები, ვინც საორგანიზაციო საკითხებში იქნებიან ჩართული, დაფინანსებას მიიღებენ და ეს ირიბი მოსყიდვაა მათი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია გვაქვს, რომ ბიზნესმენებსაც მიადგნენ, რათა გრანტის სახით დაეხმარონ აღნიშნულ პროექტს.

“აწუხებენ, რომ ისინი უსასყიდლოდ ჩაერთონ ამ პროცესში და დაფინანსება უანგაროდ გამოუყონ. ეს მათი გათავისუფლებული ბიზნესის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა, თუმცა პოლიტიკოსმა კონკრეტული ბიზნესმენების დასახელებისგან თავი შეიკავა.