საია ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

”მოსარჩელე ასაჩივრებს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუსლიმური, ებრაული, სომხური და რომაულ-კათოლიკური თემისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას. აღნიშნული დადგენილება მუსლიმთა ორი რელიგიური ჯგუფისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან - ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას”, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას მიაჩნია, რომ მეშვიდე საუკუნიდან გაყოფილი ორი მუსლიმური მიმდინარეობისათვის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაფინანსებაზე უარის თქმა, წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას.

”საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია გაერთიანების თავისუფლება, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლით რწმენის თავისუფლება. ეს ორი კონსტიტუციური დებულება იცავს ადამიანის უფლებას, იძულებით არ გაერთიანდეს საწინააღმდეგო მრწამსის მქონე ჯგუფთან.

მიგვაჩნია, რომ ქრისტიანულ ჯგუფებთან შედარებით, მუსლიმური ჯგუფის მიმართ ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთავრობის დადგენილება არ ავალდებულებს დაფინანსების მისაღებად სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, მაშინ როდესაც სომხური და კათოლიკური ეკლესია ისეთივე სქიზმაში (განხეთქილებაში) იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც შიიტები და სუნიტები. სომხურ და კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანების გარეშე შეუძლია დაფინანსების მიღება, მაშინ როცა სუნიტებმა და შიიტებმა საერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შექმნან.

მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, რომელიც შექმნილია საქართველოს შიიტი მუსლიმი მოქალაქეების მიერ. წესდების თანახმად, ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიური ინსტიტუტების გამაერთიანებელ ადგილობრივ დამოუკიდებელ უმაღლეს სასულიერო ცენტრს. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელეს დაფინანსების მიღების მიზნით სთხოვს სუნიტურ ორგანიზაციასთან ერთად ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას”, - ნათქვამია საიას განცხადებაში.