13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება

13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება, - ამის შესახებ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”13 ივნისს იმის გამო, რომ სტიქიის დროს ზოოპარკის მიმართ საოცარი მხარდაჭერა იყო, მადლობა შეგვიძლია გამოვხატოთ იმით, რომ ამ დღეს ზოოპარკში შესვლა უფასო იყოს”, - განაცხადა მზია შარაშიძემ.

მისივე ინფორმაციით, ზოოპარკში 1-ელ ივნისს ბავშვებისთვის ახალი გასართობი ზონა გაიხსნება.

”1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზოოპარკში იქნება ძალიან საინტერესო აქტივობები ბავშვებისთვის. ასევე, ამ დღეს გაიხსნება ბავშვებისთვის გასართობი ზონა, რომელიც კეთდება ფილიპინებში საქართველოს საელჩოს და ფილიპინების საელჩოს საქართველოში ინიციატივითა და ბათუმის საერთაშორისო ტერმინალის დაფინანსებით”, - განაცხადა მზია შარაშიძემ.

მისივე თქმით, გასართობ ზონას ”საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკი” ერქმევა, რომელიც ხის მასალისგან გაკეთდება და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.