გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კრწანისი-შინდისის გზის და იქ გაჩეხილი ხეების საკითხი მისი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის და იქ გაჩეხილი ხეების საკითხი მისი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს ვერ უპასუხებს.

როგორც აგულაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს საკითხი თბილისის მერიის კომპეტენციაში შედის.

„ამ კითხვებს არ უსვამთ იმ ადრესატს, ვინც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. ბუნებაში ხის მოჭრა მიჩნეული გვაქვს ნორმალურ მოვლენად, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით. ამ წესების დაცვით, რომელიც ჩვენს კომპეტენციას განეკუთვნება, სატყეო ფონდში არსებულ მერქნულ რესურსზე მზად ვართ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. იმ რესურსზე, რომელიც არ არის ჩვენს განკარგულებაში, ეს ეხება ქონების ყიდვა-გაყიდვას, ზონების შეცვლას, პროექტების შეთანხმებას, არ არის სამინისტროს კომპეტენცია. შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხს მე არ და ვერ გაგცემთ. გთხოვთ, ეს კითხვები იმ ადრესატებს დაუსვათ, ვინც არიან კომპეტენტურები და ეს საკითხები შედის მერიის კომპეტენციაში“, - განაცხადა აგულაშვილმა.