იაპონური კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს

იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს , - ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების გეგმას ეცნობიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

„ჩვენი კომპანია უკვე 130 წლისაა, ერთ-ერთი უძველესია იაპონიაში და ცნობილია მთელს მსოფლიოში ფოლადის ბაგირების წარმოებით. საქართველოში ჩვენ ჩამოვედით ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების პროგრამის შესასწავლად, რაც ეხება გზების მშენებლობას და ა.შ. საქართველო მთიანი ქვეყანაა, ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და განვიხილავთ ჩვენი ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას საქართველოში, იმდენად, რამდენადაც წარმოება გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Tokyo Rope-ის თავმჯდომარე შიგეტო ტანაკამ.

Tokyo Rope მსოფლიოში ცნობილია მეტალის კონსტრუქციების, ქვების დამჭერი ბადეების, დაკიდული ხიდებისთვის განკუთვნილი ფოლადის ბაგირების წარმოებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე