ნავთობის გაიაფების გამო, მეკობრეები ტანკერებს ნაკლებად ესხმიან თავს

ნავთობის ფასის დაცემის გამო, აფრიკელი მეკობრეები ნავთობტანკერებს უფრო იშვიათად ესხმიან თავს.

ახლა მათი მთავარი სამიზნე ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცება გახდა.

ასეთია ამერიკული ორგნიზაცია Oceans Beyond Piracy-ის ანგარიში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მეკობრეების საფრთხის გამო, მეზღვაურებისთვის ყველაზე საშიში ადგილი გვინეის ყურე გახდა.

ატლანტის ოკეანეში მდებარე ყურე ეკვრის ისეთ აფრიკულ ქვეყნებს, როგორიცაა განა, ტოგო, ბენინი, ნიგერია და კამერუნი.

"ამასთანავე, სომალელი მეკობრეები, რომლებიც აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მოქმედებენ, აღარ არიან იმდენად საშიშები როგორც ადრე, რაც სამხედრო-საზღვაო ძალების საერთაშორისო ოპერაციის დამსახურებაა", - ნათქვამია ანგარიშში.

Oceans Beyond Piracy-ის ინფორმაციით, გასულ წელს სომალელმა მეკობრეებმა ვერც ერთი კომერციული ხომალდი ვერ ჩაიგდეს ხელში.

საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ცნობით, მსოფლიოში მეკობრეობის დონე თანდათანობით იკლებს: მიმდინარე წლის პირველ კვარატალში მეკობრეობის 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში 54 მსგავსი ინციდენტი მოხდა.

საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ცნობით, მსოფლიოში სამიდან ყოველ ორ ხომალდს ნიგერიისა და კოტ დივუარის მეკობრეები იტაცებენ.