"ჰიბრიდული ავტომობილების აქციზის განახევრებით მათი ღირებულება არ შეიცვლება"

1997 წელს იაპონურ კომპანია „ტოიოტაში“ პირველი ჰიბრიდული ავტომობილი შეიქმნა, რომელიც თანდათან გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში.

ამჟამად ჰიბრიდულ ავტომანქანებს უშვებენ ისეთი ცნობილი ავტოგიგანტები, როგორებიც არიან: „ნისანი“, „მერსედესი“, „ტოიოტა“, ბე-ემ-ვე და სხვა. როგორც ამბობენ, ეს მომავლის ავტომობილია, რადგან ჰიბრიდულ ავტომანქანას ჩვეულებრივთან შედარებით, მრავალი უპირატესობა აქვს: არ აბინძურებს გარემოს და ამავე დროს, ძალიან ეკონომიურია. სწორედ ამიტომ, 1 მაისიდან საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდა. ცნობილია ისიც, რომ ჰიბრიდული მანქანების შეღავათიან რეჟიმში მოქცევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც არის ნაკარნახევი.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შეღავათი მხოლოდ 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომანქანებს შეეხება:

პაატა კვიჟინაძე: „ეს კანონი 1 მაისიდან უკვე ძალაშია და მთელ საქართველოში მოქმედებს. აქციზის გადასახადი განახევრდა, თავიდან იყო მოსაზრება, რომ ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი ამ გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. პარლამენტმა საჭიროდ მიიჩნია, რომ აქციზისგან მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ელექტრომანქანები, ხოლო ჰიბრიდული - მხოლოდ 50%-ით. დღეს ჰიბრიდული და ელექტრონული მანქანები ჩვენს ქვეყანაში მცირე რაოდენობითაა, ამიტომ საჭიროა, რომ ასეთი მანქანების შემოყვანას სტიმული მივცეთ, თუნდაც ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. მართალია, ამ ტიპის მანქანები ძვირი ღირს, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ? იმედი მაქვს, რომ ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ჰიბრიდული და ელექტრომანქანებიც გაიაფდება. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას ელექტროენერგიის დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოში ჰესების მშენებლობა იმ ტემპით მიდის, რომ სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში ელექტროენერგიის პრობლემა აღარ გვექნება“.

ავტოდილერ ლევან ჩიქვანაიას შეფასებით, აქციზის ფასის განახევრება ამ ბიზნესში ბევრს ვერაფერს შეცვლის.

„კარგია, რომ აქციზის ფასი განახევრდა, მაგრამ ეს შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ერთი ჰიბრიდული ავტომობილი შემოჰყავს საკუთარ ოჯახში დასატოვებლად. გასაყიდად ამ ავტომობილების შემოყვანას აზრი არა აქვს, რადგან ამ ეტაპზე ჩვეულებრივი ავტომობილების გაყიდვაც გვიჭირს, ავტომანქანების ბაზრობაზე მყიდველი აღარ შემოდის. 3000-3500 დოლარად 5-6 წლის ჰიბრიდულ ავტომობილს არავინ გაყიდის, ახალი მანქანების ფასი კი, სულ მცირე, 7-8 ათასი დოლარია. ისეთი მანქანის შეძენას რა აზრი აქვს, რომელიც სულ პროფილაქტიკაში უნდა ატარო? უფრო ძველი - 2003-2004 წლებში გამოშვებული ჰიბრიდული მანქანები უფრო იაფი ღირს - დაახლოებით, 3500 დოლარი, 2010-2011 წლებში გამოშვებულ მანქანას კი, ასე იაფად არავინ მოგცემს. ასე რომ, აღნიშნული შეღავათი ჩვენს საქმეში ბევრს ვერაფერს შეცვლის“, - აღნიშნავს ავტოდილერი.

კრიტიკულად აფასებს აქციზის ფასის განახევრებას „ეკოტრანსპორტცენტრის“ დირექტორი ვასილ ურუშაძეც.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფოს და მთავრობას მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ჰიბრიდული ავტომობილები განბაჟების გადასახადისგან უნდა გაათავისუფლონ, რადგან მხოლოდ ასეთი შეღავათებით თუ მოხერხდება ჩვენი ავტოპარკის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. მოგვიანებით, ეს ინიციატივა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საპარლამენტო კანონპროექტად აქციეს, რომლის პირველ ვარიანტში ეწერა, რომ ჰიბრიდული ავტომობილები გადასახადებისგან სრულად უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა უმრავლესობასთან კონსულტაციის შედეგად პარლამენტში ჯერ 50%-იან გადასახადზე შეთანხმდნენ, საბოლოოდ კი, შეღავათი მხოლოდ 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებს შეეხო, რაც იმ შედეგის მომტანი ვერ იქნება, რასაც კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა. ჩვენს ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად 3 ათასიდან 6 ათას დოლარამდე ღირებულების ავტომობილებზეა და ეს ავტომობილები 10-15 წლის წინ არის გამოშვებული. აქციზის გადასახადის 100%-იანი გაუქმებით შეიძლებოდა ჰიბრიდული ავტომობილები კონკურენციაში მოგვეყვანა ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან. ამით წავახალისებდით მათ იმპორტსაც და შეძენასაც, რადგან ეს შეღავათი პირდაპირ აისახებოდა ღირებულებაზე. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, ისინი ისედაც ძვირი ღირს. განბაჟების გადასახადის განახევრებით მათი ღირებულება არ შეიცვლება და არც მათი მომხმარებლის რიცხვი მოიმატებს“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.

„ეკოტრანსპორტცენტრის“ დირექტორის თქმით, ჩვენ არა ვართ ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფო და ჩვენი ავტოპარკი სწორედ მსგავსი შეღავათებით უნდა განვაახლოთ.

„ გარდა იმისა, რომ ჰიბრიდული ავტომობილები ორჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე ბენზინზე, ან დიზელზე მომუშავე, მათი მომრავლება ძალიან კარგი იქნება ჩვენი ეკოლოგიისთვის. ჩვენ ხშირად გვიწევს საცობებში ყოფნა, ამ დროს ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილის გამონაბოლქვი ძალიან მავნებელია, ჰიბრიდული ავტომობილი კი, დამუხრუჭებისას მთლიანად ელექტროძრავზე მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ მისი გამონაბოლქვი ნულის ტოლია. თუნდაც ამიტომ, გადასახადი ყველა ტიპის ჰიბრიდულ ავტომობილზე უნდა მოეხსნათ. ძალიან ძველი ავტომობილები საქართველოში მაინც არ შემოვიდოდა, რადგან მასობრივად ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება 2003 წლიდან დაიწყო. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ცოტა გაუგებარია გადაწყვეტილება, რომ ეს შეღავათი მხოლოდ 0-დან 6 წლამდე ავტომობილებზე გავრცელდა. დღეს ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნა 2003-დან 2010 წლამდე წარმოებულ ჰიბრიდულ ავტომობილებზეა იმიტომ, რომ მათი ღირებულება შეესაბამება ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ჩვენი მოსახლეობის საშუალო შემოსავალს. სამწუხაროდ, ამ ასაკის მანქანებს არანაირი შეღავათი არ შეეხება“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

„ეკოტრანსპორტცენტრის“ დირექტორის თქმით, ჰიბრიდულ ავტომობილებს არაერთი ღირსება აქვს, ამიტომ მათი რაოდენობა ყველგან დღითიდღე მატულობს.

„ჰიბრიდული ავტომობილის ელექტროძრავი ავტომატურად იმუხტება და ამ პროცესს თვითონ ავტომობილი არეგულირებს. ამ ღირსებების გამო განვითარებულ ქვეყნებში ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სერიოზული შეღავათებით სარგებლობენ. ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას აქციზის გადასახადზე 100%-იანი შეღავათი უნდა დაეწესებინა თუნდაც რამდენიმე წლით. ჩვენი მოძველებული ავტოპარკი როგორმე ხომ უნდა განვაახლოთ?“ - განაცხადა ვასილ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე