სემეკმა მოქალაქეებს 300 000 ლარამდე ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ, სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს შორის დავების განხილვას განაგრძობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სემეკიდან აცნობეს, მიმდინარე კვირაში გამართულ ორ საჯარო სხდომაზე კომისიამ იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრებზე, რომლებიც შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.

”კომისიის გადაწყვეტილებებით, მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 298 888 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, - აცხადებენ სემეკში.