ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ

შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების შემდეგ, ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, დღეს, მარნეულში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელი, ლევან მაღრაძე ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელი მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60%-ის ნაცვლად მიიღებს 70%-იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 28,690 პოლისი, დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა-ს, ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი, ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება, 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს.

მათი ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან, წელსაც 10 მლნ ლარს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვილილი და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.