ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები უვადო გაფიცვის დაწყებით იმუქრებიან

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები სრულმასშტაბიან უვადო გაფიცვას იწყებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, გაფიცვა ზესტაფონში 9 მაისს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და მისი წევრი ორგანიზაციის - იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით 08:00 საათზე დაიწყება.

გაფიცვა დაიწყება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტაროსელსკის ქუჩაზე მდებარე ქარხნის მთავარ შესასვლელთან.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნებია:

1. შეწყდეს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრების დევნა, იძულება, მუქარა და შანტაჟი.

2. არ მოხდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იძულებით ან ეგრედწოდებულ სპეციალურ რეჟიმში გადაყვანა, შეწყდეს დასაქმებულთა ინდივიდუალურ კონტრაქტებში იძულებით მოცდენასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა, კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდეს იძულებითი მოცდენის შესახებ დათქმებისა და ტარიფის დადგენის გარეშე.

3. დასაქმებულის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვროს 30 სამუშაო დღეს დამატებული მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებულებისთვის 10 კალენდარული დღის ოდენობით.

4. ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით.

5. ზეგანაკვეთურად და უქმე დღეებში ნამუშევარი საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1,5);

6. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;

7. გათავისუფლებული თანამშრომლის გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება (შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად).

8. გაუქმდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის 18.04.2016 წლის N286 ფ ბრძანება, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის კახა მაჩიტიძის დისციპლინარული წესით დასჯასთან დაკავშირებით.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, გაფიცვის პარალელურად მიმდინარე სხვადასხვა ხასიათის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროების, სს ,,მინას“, შპს ,,რუსთავის აზოტის“, შპს ,,რუსთავის ფოლადის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები.