მიხეილ თოქმაზიშვილი - ლარის გაუფასურების რისკები შემცირებულია

ეროვნული ბანკი დოლარის შეძენას განაგრძობს.

გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. 17 მარტიდან მოყოლებული ეს ბოლო პერიოდში განხორციელებული მსგავსი ტიპის უკვე მეექვსე ტრანზაქციაა. ორი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 75 მილიონი დოლარი ამოიღო.

უკვე რამდენიმე თვეა ეროვნულ ვალუტას გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული. 17 მარტს, როცა სებ-მა 5 მილიონი დოლარი შეიძინა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,32 შეადგინა. მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში ეტაპობრივად მყარდებოდა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, კი 2,21-იან ნიშნულს მიაღწია.

რაზე მიგვანიშნებს ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ყიდვის გახშირებული ტენდენცია და რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამას კომერციული ბანკების მხრიდან?

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ სებ-მა დოლარში გამოსახული ჭარბი ფულის ამოღება ლარის გაუფასურების რისკების შემცირების ხარჯზე დაიწყო.

,,ბუნებრივია, ეს პროცესი დაკავშირებულია ეკონომიკურ გამოცოცხლებასთან. ქვეყანაში იმპორტი გაცილებით უფრო სწრაფად შემცირდა, ვიდრე ექსპორტი, რის შედეგადაც დაბალანსდა ეკონომიკა და დაიწყო საპირისპირო პროცესი - ლარის კურსის გამყარება. ზედმეტი ჭარბი დოლარის გაჩენა კი სეზონურობასთან და ექსპორტის როლის გაზრდასთან არის დაკავშირბული”, - აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები. ქვეყანა კი ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას უნდა ელოდოს.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მიხეილ თოქმაზიშვილის თქმით, ლარის გაუფასურების რისკები შემცირებულია და ამიტომ მათ უნდა გაუადვილდეთ სესხების გაცემა და ეროვნული ვალუტის მოზიდვაც.

,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მონეტარული პოლიტიკა მცირედით შეიცვალა და სებ-ის ბოლო დროინდელი ქმედებებიც ამაზე მიგვანიშნებს.

,,მაგალითად, რეფინანსირების მუდმივმოქმედი სესხები აღარ გაიცემა, რაც ღია ბაზარზე ზეწოლას ამცირებს. ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო გამყარება. ეს პროცესი რადგან მიმდინარეობს, სებ-ს გაუჩნდა კურსის შენარჩუნების შანსი. დოლარის შესყიდვა ნიშნავს იმას, რომ მიმოქცევაში შემოდის უფრო მეტი ფული, ვიდრე აქამდე შემოდიოდა. ნებისმიერი შეძენა იმ მიზნით ხდება, რომ მიმოქცევაში შემოვიდეს ახალი ლარი და ფულის მასა გაიზარდოს. კომერციული ბანკები ცდილობენ მოგების მიღებას. ისინი იძულებულნი არიან ამ თამაშით ითამაშონ. შეიძლება რაღაც მომენტში ზოგიერთი მათგანი უფრო ღრმად იყოს ინფორმირებული და ამის გამო უფრო მეტი მოგებაც ნახონ. თუმცა, პოლიტიკას ისინი არ ქმნიან. პოლიტიკას ქმნის ეროვნული ბანკი”, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

ქრისტინე გამთენაძე