შპს-მ „ჩვენი რადიო“ კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გაფრთხილება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “ჩვენი რადიო“ კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

როგორც კომისიაში აცხადებენ, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს “ჩვენი რადიოს“ ეთერში განთავსებულ „პე ეს პე“-ს სასპონსორო რუბრიკაში ადგილი ჰქონდა საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისკენ პირდაპირ მოწოდებას, რაც სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაა.

როგორც კომისიაში განმარტავენ, ”მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება.