ბოტანიკურ ბაღსა და 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ბოტანიკურ ბაღსა და კრწანისი-შინდისის გზასთან არსებულ 29 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.

დეპუტატები პროცედურების გამო შეკამათდნენ. ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გივი კუბლაშვილს მოხსენება რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ისინი კითხვებზე პასუხის გაცემას მოხსენების მიმდინარეობისას ითხოვდნენ, თუმცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა მათ მიუთითა, რომ კითხვების დასმის საშუალება მოხსენების დასრულების შემდეგ ექნებოდათ.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მათ აინტერესებთ ხელმძღვანელ პირებთან საუბარი და არა მეისრეებთან.

”ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე ხალხთან საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაინტერსებს გადაწყვეტილების მიმღებთან საუბარი”, - განაცხადა ბარამიძემ.

თავის მხრივ, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ დარბაზი ტელევიზიებს დაეტოვებინათ და ამით მისი თქმით, სიტუაციაც

განიმუხტებოდა.

”ვთხოვოთ ტელევიზიებს დატოვონ დარბაზი და აქ ისეთი სიწყნარე იქნება, ბუზი არ გაფრინდება. თქვენ ხომ იმიტომ აკეთებთ ამას, რომ ტელევიზორში 3 წუთიანი სიუჟეტი გავიდეს თქვენს სასარგებლოდ”, - მიმართა გაჩეჩილაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.