ალეკო ელისაშვილი - ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შპს არ არის

ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ თავზე არავის უნდა დააჯდეს, მიუხედავად მისი დამსახურებისა,

- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს ხან გუდიაშვილის მოედანზე ჩხუბობდა, ხან მირზაშაფის ქუჩაზე და მაშინ არ დაუკავებია პოლიციას და ახლა ისეთი საოცარი დემოკრატიაა ქვეყანაში, რომ დააკავეს.

”ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე დამაკისრეს ჯარიმა, რომელიც ერთ კვირაში უნდა გადავიხადო. ჩემთვის ამ დაკავება-გამოშვებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შპს არ არის. ეს თითოეული ჩვენგანის ქვეყანა და ქალაქია. არ გავჩერდები. ბიძინა ივანიშვილმა ის ტერიტორია ქალაქს უნდა დაუბრუნოს. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდნენ, რომ თავზე არავის უნდა დააჯდეს, მიუხედავად მისი დამსახურებებისა, რომელიც პირადად ჩემს თვალში უკვე გააქარწყლა”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი გუშინ ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე, კოჯრის გზატკეცილზე დააკავეს. სასამართლომ მას სასჯელის სახით 250 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.