საკრედიტო ხრიკები - როგორ ხდება ხანდაზმული სესხი არა ხანდაზმული

საკრედიტო ორგანიზაციებისგან მოქალაქეების მოტყუების ფაქტი იმდენია, რომ მათი ისტორიების მოყოლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ და ჯერ კიდევ მაშინ, როცა ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე ფიქრს იწყებენ. სამწუხაროდ, ხშირად, მათ ის სათუო ინფორმაცია, რომელიც მოტყუებისგან დაიცავს, ბოლო პერიოდამდე არ გააჩნიათ და "კანონით შეიარაღების" გარეშე დარჩენილები ადვილად ებმებიან "მტრის" ხაფანგში.

სახელმწიფო მაღალჩინოსნების განცხადებით, ეროვნული ბანკი ამ სფეროს რეგულაციებში მოქცევას იწყებს. თუ ასეთი რამ სინამდვილეში მოხდა, წესით და რიგით, ეს იმის საწინდარი უნდა იყოს, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებისგან დაზარალებულების არმია აღარ გვეყოლება. ბანკების მაქინაციებზე და მათგან დამცველ მექანიზმებზე საუბარი ადვოკატ ქეთი უტიაშვილთან ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემით, ხანდაზმული სესხებით დავიწყეთ.

"საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების (მოცემულ შემთხვევაში სესხის მოთხოვნის) ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, კერძოდ, როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა. თუ ვალდებულების შესრულებიდან გასულია 3 წელი, სესხი უკვე ხანდაზმულია", - ამბობს ქეთი უტიაშვილი

- როგორც ვიცი, ხანდაზმული სესხები, ზოგჯერ მოვალისგან უნებურად, არახანდაზმულად გადაიქცევა ხოლმე და ეს როგორ ხდება?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ძირითადად, ორ ვითარებაში აღდგება ხანდაზმული სესხის ვადა. ეს ორივე შემთხვევა გამოწვეულია მოვალის, ანუ მოქალაქის მიერ კანონის არცოდნის გამო. კანონის ნორმა, რომელიც სესხის ხანდაზმულობას ეხება, ცხადია, კარგად არის ცნობილი ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, პრობლემური სესხების მართვის სამსახურებისთვის და ასევე კერძო პირებისთვის რომლებიც თანხის გასესხებით არიან დასაქმებულნი, მაგრამ მსესხებელს ამის შესახებ არ ეუბნებიან. ხანდაზმული სესხების დროს ისინი ხშირად უგზავნიან მსესხებელს სესხის მოთხოვნის თაობაზე წერილს, იბარებენ კრედიტორ მხარესთან, ან პრობლემური სესხების მართვის სხვადასხვა სამსახურში, სადაც ხშირად მოტყუებით, შანტაჟითა და მოვალე მხარისთვის "სახარბიელო" მორიგების პირობების შეთავაზების გზით თავის საწინააღმდეგო ქმედებებს ადენინებენ. სწორედ მაშინ, როდესაც მხარე სესხის ხანდაზმულობის თაობაზე ინფორმირებული არ არის მოვალე მხარეს მორგებულ ახალ გრაფიკს უწესებენ. ამას დიდსულოვნებით არ სჩადიან, არამედ ასე ცდილობენ სესხის მოთხოვნის ვადის აღდგენას.

როგორც აღვნიშნე, ხანდაზმული სესხის გაცოცხლების პირობა შეიძლება იყოს ახალი შეთანხმება, ვალის დაბრუნების ახალი ვადის განსაზღვრა და ა. შ. ამ მოქმედებით, რომელიც ხშირად მოვალე მხარისთვის უცნობია, ხანდაზმული სესხი არახანდაზმულად გადაიქცევა.

არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ხანდაზმული სესხი არახანდაზმული ხდება: ხშირად კრედიტორი მხარე (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა. შ.) სასამართლოს მიმართავს.

ასეთ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მოვალე მიიღებს სარჩელს, უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოიქცეს - სასამართლოში შესაგებელი უნდა შეიტანოს და განაცხადოს, რომ სესხი ხანდაზმულია და ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.

ის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე თუმცა, ხშირად, მოვალე მხარემ არ იცის, რომ სესხი ხანდაზმულია, ბანკის მიერ შეტანილ სარჩელზე მოვალეს არ შეაქვს შესგებელი და არც ესწრება სასამართლოს, მოსამართლეს კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს ბანკის სასარგელოდ, რომლითაც ხანდაზმული სესხის გადახდას მოვალეს აკისრებს. ვიმეორებ: მოვალე მხარე სასამართლოს უნდა დაესწროს, პროცესზე განაცხადოს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ასეთ შემთხვევაში სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

ასევე, არახანდაზმული სესხის შემთხვევაშიც ვურჩევ მოქალაქეებს, დაიცვან მათი უფლებები და დროულად შეიტანონ შესაგებელი სასამართლოში, გამოცხადნენ სასამართლო სხდომებზე, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს უფლება აქვს, საჯარიმო სანქციის სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლო თავისი შეხედულებისამებრ შეამციროს, რასაც სასამართლო ახორციელებს კიდევაც.

დამერწმუნეთ, ხშირად სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა ბევრად ნაკლებია კრედიტორის მიერ მოთხოვნილ თანხებზე.

- საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ბანკის ვალი აქვს. შეიძლება ითქვას, ამან ბევრი გადაარჩინა კიდეც. ვალს კი დაფარვა უნდა. "როცა იღებდნენ, მაშინ რატომ არ ფიქრობდნენ, რომ ვერ დააბრუნებდნენ?" - ასეთია ზოგიერთის მსჯელობა. გამოსავალს სად ხედავთ?

- გეთანხმებით, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს სხვადასხვა ორგანიზაციაში სესხი აქვს და მიმაჩნია, რომ იმ ადამიანების მსჯელობა, რომლებიც აცხადებენ, როგორც თქვენ ბრძანეთ, - როცა იღებდნენ, მაშინ რატომ არ ფიქრობდნენ დაბრუნებაზეო, არის საკითხისადმი არაგონივრული დამოკიდებულება. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელსაც კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს და სესხის აღებას არ საჭიროებს, მას ვალი არასოდეს ექნება, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთა შემოსავალიც იმდენად მცირეა, რომ ვერ ახერხებენ სესხის აღების გარეშე ოჯახის გამოკვებას, ავადმყოფის მკურნალობას და ა. შ. სხვა შემთხვევაა ბიზნესსესხები, თუმცა დღეს მათი უმრავლესობაც ძალიან მძიმე მდგომრეობაშია. ვფიქრობ, საკუთარი უფლებების კანონის თანახმად დაცვა მათ მდგომარეობას შეუმსუბუქებს. რაც შეეხება გამოსავალს, ეს სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელია.

ბაჩო ჯინჭარაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"