ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 2.3 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი იანვარში - 0.8 პროცენტი, თებერვალში - 2.6 პროცენტი, ხოლო მარტში 3.4 პროცენტი დაფიქსირდა.

2016 წლის მარტში 2015 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა.

2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.

2016 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 186 930,4 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 210 055,6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101,1%;

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 2 002 000,0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 048 517,6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102,3%;

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 989 912,4 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 050 256,9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103,0%;

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 869 000,0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 956 491,5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104,7%.

ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრული იყო 8 543 569.5 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 032 458.6 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 23.8%-ია. გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 1 935 579.5 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 95.2%-ია.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3-თვის ანგარიში გასულ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მათთვის ბიუჯეტში გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულება 91.3%-ს, საკონსტიტუციო სასამართლოსი 90.2%-ს, უზენაესი სასამართლოსი 84.9%-ს, საერთო სასამართლოების 94.2%-ს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი 77.8%-ს, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსი 94.7%-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროსი 93,4%-ს და სახალხო დამცველის აპარატის 120.9%-ს შეადგენს.

განხილვები კომიტეტებში მიმდინარე კვირას გაგრძელდება.