"ყინული გალღვა! პირველი კვარტლის სუფთა ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმსაც აჭარბებს?"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ექსპორტის მაჩვენებელთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გაეროს საგარეო ვაჭრობის განყოფილებამ საქონლით მსოფლიო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტლის (იანვარი-მარტი) მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, 2016 წლის I კვარტალში ქართული წარმოების საქონლის „სუფთა ექსპორტი“ (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 4.6%-ით, ანუ $15.8 მლნ-ით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2015 წლის იანვარ-მარტში საქონლის „სუფთა ექსპორტი“ $340 მლიონი იყო, 2016 წლის იანვარ-მარტში კი $355 მილიონს გადააჭარბა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგადად ექსპორტი, მხოლოდ საქონლის ექსპორტს არ გულისხმობს. მთლიანი ექსპორტი მოიცავს საქონლის და მომსახურების ექსპორტს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მომსახურების ექსპორტის ანგარიში ეროვნულ ბანკს არ გამოუქვეყნებია (ივლისში აქვეყნებს), საფიქრებელია, რომ მომსახურების ექსპორტი უფრო მკვეთრად არის გაზრდილი, ანუ დაახლოებით 17%-ით, რაც თანხობრივად დამატებით +$100 მლნ დოლარით მეტ შემოსავალს გულისხმობს.

რატომ ვფიქრობ, რომ მომსახურების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა? იმიტომ, რომ მომსახურების ექსპორტის ძირითადი კომპონენტი ტურიზმია, ტურისტთა რაოდენობა კი საგრძნობლად გაიზარდა. მხოლოდ მარტში 41%-ით გაიზარდა აეროპორტებში ჩამომსვლელთა რაოდენობა და მთლიანად ტურისტთა რაოდენობამ 25%-ით მოიმატა. ასევე 22%-იანი და 40%-იანი ზრდა იყო იანვარში და თებერვალში საჰაერო ტრანსპორტით ჩამობრძანებული სტუმრებისა.

მოკლედ! თუ ჩემი პროგნოზი გამართლდა და მომსახურების ექსპორტი 100 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის I კვარტალში მთლიანი სუფთა ექსპორტი (საქონლის და მომსახურების ექსპორტი, საქონლის რეექსპორტის გარეშე) ისტორიულ მაქსიმუმზეა და $ 1 მილიარდ 55 მილიონს აჭარბებს.

P.S.

საქონლის ექსპორტი, წყარო: საქსტატი; UN Trade Statistics

მომსახურების ექსპორტი, წყარო : საქართველოს ეროვნული ბანკი

*2016 წლის I კვარტლის მომსახურების ექსპორტის შემცველი მაჩვენებლები საპროგნოზოა", - წერს დუნდუა.

bpn