„სამართლიანი არჩევნები“ - ცესკოს 10-მა არახელმძღვანელმა წევრმა ანაზღაურების სახით 4 მლნ 705 310.16 ლარი მიიღო

2011 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ცესკოს ათმა არახელმძღვანელმა წევრმა ანაზღაურების სახით 4 მილიონ 705 310.16 ლარი მიიღო. აღნიშნულ პირებში არ შედის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2011-2015 წლებში ცესკოს წევრთა და თანამშრომელთა ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის თანახმად, 2011 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ცესკოს ათი წევრის მიერ ანაზღაურების სახით მიღებული 4 მილიონ 705 310.16 ლარიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 მილიონ 396 650.26 ლარს, პრემია არის 1 მილიონ 044 890 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატია 1 მილიონ 263 769.90 ლარი.

ორგანიზაციის განმარტებით, ცესკოს წევრების მიერ მიღებულმა პრემიებმა და დანამატებმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 96,3% შეადგინა. რაც შეეხება ცესკოს მდივნის ანაზღაურებას, 2011 წლის იანვრიდან, 2015 წლის იანვრის ჩათვლით ცესკოს მდივანს გიზო მჭედლიძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 472 889.45 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგოა 238 410.45 ლარი, პრემია 106 894 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 127 585 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ცესკოს მდივნის პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოდ 99% შეადგინა. 2015 წლის თებერვლიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მდივნის პოზიცია გიორგი ჯავახიშვილმა დაიკავა, რომელმაც 2015 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით 75 963.50 ლარი მიიღო. აქედან თანამდებობრივი სარგო 44 503.50 ლარია, პრემია 15 060 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 16 100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ინფორმაციას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შესახებ, 2011 წლიდან, 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით კირთაძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 346 869.50 ლარი, პრემია და დანამატი ერთობლივად თანამდებობრივი სარგოს 101,2% არის, 2013 წლის დეკემბრიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გიორგი შარაბიძე დაინიშნა, 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 218 775.36 ლარი, აქედან პრემიამ და დანამატმა თანამდებობრივი სარგოს 88,5 0 შეადგინა.