სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ხვალ ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ხვალ ბიზნესმენებთან პირველ შეხვედრას გამართავს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივით, გაიმართება რეგულარული შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრები ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში.

”აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ბიზნესმენებმა უშუალოდ მიაწოდონ თავმჯდომარეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. ამ შეხვედრებზე ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა, თავმჯდომარეს წარუდგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები”, - აცხადებენ სააგენტოში.

ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარემ 15 აპრილს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შემდგომი შეხვედრების თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.