სექსუალური შევიწროება, მათ შორის დასაქმების ადგილზე, შესაძლოა, 500 ლარით დაჯარიმდეს

სექსუალური შევიწროება, მათ შორის დასაქმების ადგილზე - შრომითი ურთიერთობების დროს, შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს. ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ორი ახალი მუხლი ემატება.

კანონპროექტი “რესპუბლიკელმა“ დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი და ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევას ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

პროექტით პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარმღვევი სექსუალურ შევიწროვებას მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2500 ლარის ოდენობით დასჯადი იქნება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს“ ცალკე მუხლად ემატება “სექსუალური შევიწროვება“, რაც გულისხმობს, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში გამეორება - პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.