ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი კუთვნილი დახლები დაშალა. გარემოვაჭრეებმა დღეს აქცია მერიის შენობასთანაც გამართეს.

"ან საერთოდ აკრძალონ გარევაჭრობა, ან მოგვცენ ნორმალურად ვაჭრობის საშუალება. ერთმანეთი უნდა დავჭამოთ აქ ქალებმა, თუ რა ვქნათ? ვერ დავეტევით იმ ტერიტორიაზე, რომელზე გადანაწილების უფლებაც მოგვცეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია კი განმარტავს, რომ დაშვებული ტერიტორიის გარეთ ბაზარში მოვაჭრეთა ნაწილი გავიდა, მერიამ კი მათ ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მისცა, რის შემდეგაც შესაბამისი ზომები მიიღო, რადგან გარევაჭრობა კანონით აკრძალულია.