თბილისში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსდა

თბილისში ახალი სოციალური პროექტი დაიწყო. დედაქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის რამდენიმე ადგილას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსდა.

პროექტი ,,შემოსე საქართველო” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

როგორც უწყებაში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ყუთებში მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა თუ ახალგაზრდებისათვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეგროვდება. დახარისხების შემდგომ კი ყველაფერი თბილისისა და რეგიონების მოსახლეობაზე უსასყიდლოდ განაწილდება.

სპეციალური ყუთები შემდეგ ლოკაციებზე განთავსდა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალი სპორტის სასახლე, რუსთავის გზატკეცილი 247, აწყურის ქუჩასა და რკინიგზის ხიდს შორის, მოსკოვის გამზირი - წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, გია გულუას ქუჩა, გმირთა მოედანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სამების საკათედრო ტაძარი. სამინისტროს ინფორმაციით, მოთხოვნის შესაბამისად, მომავალში ლოკაციები, შესაძლოა, კიდევ დაემატოს.

პროექტი ,,შემოსე საქართველო” ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ჩართულია: მოძრაობა ,,სტუდენტური ერთიანობა,” ,,დავითიანნი,” საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ,,ფრეგო.”

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე