ლევან კალანდაძე - მიკროსაფინანსო და ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ორი მთავარი მიმართულებით უნდა განხორციელდეს

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა მიკროსაფინანსო და ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიების მიმართ ორი მთავარი მიმართულებით - გადახდისუნარიანობის მაღალი სტანდარტისა და მომხმარებლებისთვის დამცავი პირობების დაწესებით უნდა განხორციელდეს.

როგორც ლევან კალანდაძ PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის ინიციატივა ამ საკითხთან დაკავშირებით გადამდები აღმოჩნდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის.

”ორი მთავარი მიმართულება, რომლითაც შეიძლება სახელმწიფო წავიდეს, ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების მომხმარებელთა მაქსიმალური დაცვის უზრუნველმყოფი პირობების ჩამოყალიბება ქვეყანაში.

ძალიან კარგი იყო, რომ ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა პირველივე პრესკონფერენციაზე სხვა პრობლემებთან ერთად ამ პრობლემაზე თავად გაამახვილა ყურადღება და გარკვეული ინიციატივითაც გამოვიდა, რასაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, გამოხმაურების თვალსაზრისით გადამდები სახე ჰქონდა. ვფიქრობ, რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკის ჩამოყალიბება ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგის მომტანი იქნება. სწორი კომუნიკაციით, სწორი აქცენტების დაცვით და არამც და არამც ბიზნესში ჩარევით ”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ფორმალურად ახდენს მიკროსაფინანსო და საფინანსო ორგანიზაციებზე ზედამხედველობას. ”მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეროვნული ბანკი გარკვეულ ზედამხედველობას ახდენს მიკროსაფინანსო, საფინანსო ორგანიზაციებზე, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ რეგისტრაციაში გამოიხატება, არც გადახდისუნარიანობის მარჟები, გადახდისუნარიანობის სტანდარტის უზრუნველყოფა, არც მათი მომხმარებლების სამომხმარებლო უფლების დაცვა დღესდღეობით არ ხდება. ანუ ის გამოცდილება, რაც თანამედროვე მსოფლიოს დღეს აქვს ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მართვის კუთხით, საქართველოში არის დასანერგი. ჩვენ ამ კუთხით, პრაქტიკულად ყამირი გვაქვს. რეალურად სახელმწიფო ამ თვალსაზრისით არანაირ პოლიტიკას არ ახორციელებს”, - აღნიშნა კალანდაძემ.