რამ გამოიწვია ქართული თხილის ექსპორტის შემცირება?

ყველაზე იაფი მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილია

ბოლო წლებში თხილის წარმოება სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და კახეთში მცხოვრები ოჯახებისთვის შემოსავლის სერიოზულ წყაროდ იქცა. ეს კულტურა ბევრმა გააშენა, რის გამოც თხილის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. "საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თხილის წარმოება 2013 წელს 2000 წელთან შედარებით თითქმის 3,6-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტზე 166 მლნ 632 ათასი აშშ დოლარის თხილი გავიდა, რაც მთელი ქართული ექსპორტის 5,7 პროცენტი იყო. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, გასულ წელს უკვე თხილის ექსპორტის კლებას ჰქონდა ადგილი: 2014 წელს საქართველოდან 184 მილიონი აშშ დოლარის თხილი გავიდა, ხოლო 2015 წელს ექსპორტის მოცულობამ 176 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტის კლებასთან ერთად წინა წელს თხილზე ლამის განახევრებული ფასი დაფიქსირდა. რამ გამოიწვია ექსპორტის შემცირება და რა მდგომარეობაა დღეს თხილის ბაზარზე? - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ესაუბრა:

-2014 წელს თურქეთში მოსავალი არ იყო, მსოფლიო ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა და ამის გამო მსოფლიო ბაზარმა ქართული თხილი მთლიანად "გაიწოვა" - მთელი მოსავალი გაიყიდა. 2015 წელს უკვე სხვა მდგომარეობა შეიქმნა: ყველა ქვეყანამ, რომელიც თხილს აწარმოებს, კარგი მოსავალი მიიღო - თურქეთსაც კარგი მოსავალი ჰქონდა, აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც. კონკურენცია გამძაფრდა და ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელმაც მოიკლო. ამას ისიც დაემატა, რომ თხილის ფასი შემცირდა: თუ ადრე 14 დოლარი იყო კილოგრამზე, 2015 წელს ლამის განახევრდა და 7-8 დოლარი გახდა. დღესაც, ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე 7-8 დოლარი ღირს. სწორედ ამიტომ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: როდესაც სხვა ქვეყნებში მოსავალი დიდია, მათთვის კონკურენციის გასაწევად ჩვენი თხილი მაღალი ხარისხისა უნდა იყოს. დღესდღეობით ყველაზე იაფი მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილია და ამას აქვს თავისი მიზეზები.

- კონკრეტულად, რა მიზეზებს გულისხმობთ?

- ქართული თხილი სხვა ქვეყნების თხილს გემოთი ნამდვილად არ ჩამორჩება. მის სიიაფეს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია. ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო: ცუდად შრობის გამო თხილის სტაბილური, რეგულარული ხარისხის შენარჩუნება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, მისი ფასიც არასტაბილურია და საბოლოო ჯამში, ქართული თხილი არის იაფი. ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნებზე მოდის. ჩვენ ამ ბაზრის ნებისმიერ მოთამაშეს მაღალი ხარისხი უნდა შევთავაზოთ. ჩვენს პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ ქართველებისგან უხარისხო თხილს შეიძენენ.

- ცნობილია, რომ ბევრი ოჯახი თხილს მოკრეფისთანავე არ აბარებს, ელოდება მისი ფასი როდის მოიმატებს და მერე ცდილობს მოსავლის რეალიზაციას. იქნებ, თვითონ გლეხები ვერ ინახავენ თხილს სწორად?

- ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ ძალიან ცუდი ფაქტი, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ, იანვარში მოხდა: გერმანიაში ექსპორტზე გატანილ ქართულ თხილში მიწის თხილი აღმოაჩინეს. ამ ფაქტმა თხილის ექსპორტზე დამღუპველად იმოქმედა: ევროპის ბაზარზე ქართული თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა და მისი გაგონებაც არავის უნდოდა. გერმანელებმა მთელი ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა გააფრთხილეს, რომ მათ ქვეყანაში არადეკლარირებული ქართული თხილი აღმოაჩინეს, რომელშიც მიწის თხილი იყო შერეული. ამას ისიც დაერთო, რომ 10 წლის ბავშვს მიწის თხილზე ალერგიული შეტევა დაეწყო და ჰოსპიტალში სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია და ცუდად იმოქმედა არა მარტო ქართული თხილის, არამედ ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯსა და რეპუტაციაზე. ფერმერი, ან გლეხი აქ არაფერ შუაშია - ეს არის ბიზნესოპერატორის მიერ ჩადენილი უმძიმესი შეცდომა და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება თავისი საქმისადმი.

- თქვენი აზრით, მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა?

- სულ სამი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, სადაც სამი შემთხვევა მოხდა, იქ მეტიც იქნებოდა, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს. ცხადია, რომ ეს შემთხვევითობა ნამდვილად არ არის.

- ალბათ ამის გამოც გახდა აუცილებელი თხილის რეგლამენტის შემოღება...

- ინფორმაცია არადეკლარირებული თხილის აღმოჩენის შესახებ საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურმა მაშინვე მიიღო ევროკავშირიდან. ამ საქმეში ჩარეული იყო ჩვენი ელჩიც და ყველა ელოდა, რას მოიმოქმედებდა ქართული სახელმწიფო. სახელმწიფომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება მიიღო – 1 ივნისიდან მთელ საქართველოში თხილის რეგლამენტი ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სამსახური აიღებს ნიმუშებს, ტვირთს არანაირი შეფერხება არ შეექმნება და ორი დღის შემდეგ, როდესაც ლაბორატორიას ხელთ დადებითი პასუხი ექნება, თხილი ჩვეულებრივ გავა ექსპორტზე ვეროკავშირში თუ სხვა ქვეყნებში. იმ შემთხვევაში კი, თუ თხილის პარტიაში რაღაც დარღვევა აღმოჩნდება, საქართველოს საბაჟო სასწრაფო ზომებს მიიღებს და გააფრთხილებს იმ ქვეყანას, რომლის საზღვარიც საეჭვო ხარისხის ტვირთმა უნდა გადაკვეთოს. ტვირთს "მასპინძელი" ქვეყნის საბაჟოზე გააჩერებენ და უკან დააბრუნებენ - ეს არის გზა, რომელიც უკანონობისგან დაგვიცავს. ამ დარგში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო - თუ აქამდე ყველაფერი ბიზნესოპერატორის კეთილსინდისირებაზე იყო დამოკიდებული, ახლა მას უკვე სახელმწიფო გააკონტროლებს. ეს ინფორმაცია ევროკავშირის მასშტაბით უკვე გავრცელდა და ევროპელმა შემსყიდველებმაც იციან, რომ თუ ქართულ თხილს იყიდიან, ჩვენს სახელმწიფოსთან ექნებათ საქმე. პროდუქციას ექნება სერტიფიკატი, რომელსაც სახელმწიფო გაცსემს და გამორიცხული იქნება იქ რაიმე უცხო მინარევების არსებობა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ღვინოზე გაკეთდა: ქართული ღვინო 10-15 წლის წინ არ დაილეოდა, მაგრამ ახლა მისი ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, შედარებაც კი არ არის. როდესაც მეწარმე, ან ბიზნესოპერატორი არაკეთილსინდისიერად იქცევა, სახელმწიფო იძულებული ხდება ჩაერიოს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა უკვე დაიწყო თხილის შემოწმება, მაგრამ 1 ივნისიდან ეს პროცესი უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს.

- ხომ შეიძლება, რომ ეს სპეციალურად გაეკეთებინათ კონკურენტებს, ან არაკეთილმოსურნეებს?

- გამორიცხულია, რადგან შეუძლებელია 22 ტონა თხილში 4 ტონა მიწის თხილი ვიღაცამ შეუმჩნევლად ჩაყაროს. მოხდა ცუდი ფაქტი, რომელიც დამღუპველია სახელმწიფოსთვის და ამ დარგისთვის. ეს არის ექსპორტიორის მიერ დაშვებული უხეში შეცდომა, რომელსაც ზემოგების მიღება სურდა. სწორედ ამიტომ უნდა ამოქმედდეს თხილის რეგლამენტი, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს.

ხათუნა ჩიგოგიძე