აპრილში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი მარტის თვის მონაცემებთან შედარებით, 13,5 ათასი ტონით აღემატება.

ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კავშირის ცნობით, ბენზინისა და დიზელის იმპორტმა აპრილში 87,1 ათასი ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, გასულ თვეს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,2 ათასი ტონა ანუ 70,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,7 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,5 ათასი ტონა ანუ 3,3%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის აპრილისთვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,2 ათასი ტონა ანუ 86,8%, L-62 დიზელის საწვავი - 5,5 ათასი ტონა ანუ 13,2 %.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, ქვეყნების მიხედვით 2016 წლის აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 27,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 21 ათასი ტონა, ბულგარეთი - 13,8 ათასი ტონა, აზერბაიჯანი - 13,4 ათასი ტონა, საბერძნეთი - 7,5 ათასი ტონა , თურქმენეთი - 3,4 ათასი ტონა, უკრაინა - 0,7 ათასი ტონა, დიდი ბრიტანეთი - 0,1 ათასი ტონა.

,,მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში განხორციელდა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც თავის მხრივ განპირობებულია ნავთობპროდუქტებზე მოხმარების ზრდით. ამაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ იმან, რომ ბენზინზე დაბალი ფასის გამო ავტოგაზის მომხმარებელი ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასთან, ზოგადად ეკონომიკის გააქტიურებასთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწვავის გაზრდილი მოხმარების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით უფრო მეტ თანხებს იღებს”, -განმარტავენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

მათივე განცხადებით, მიმდინარე პერიოდში ასევე ფიქსირდება ყველა სხვა ნავთობპროდუქტის იმპორტის ზრდაც. კერძოდ: მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.

ამასთან ერთად, 2016 წლის აპრილში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,8 ათასი ტონა შეადგინა, ეს მონაცემი წინა თვის მაჩვენებელს 0.2 ათასი ტონით აღემატება.

ხოლო, საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.