კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სომხეთის დელეგაციას გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობის, ასევე სომხეთის ადგილობრივი და ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლების დელეგაციასთან საქართველოში ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე მიგრაციის გამოცდილების გაზირების მიზნით შეხვედრა გაიმართა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია“. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ციფრული ტელემაუწყებლობის საკანონმდებლო ბაზაზე საუბარს, ასევე, კერძო და სახელმწიფო მულტიპლექსპლათფორმების ფორმირების პროცესს და ნორმატიულ სისტემას, საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირების თემას და სახელმწიფო რეფორმის შედეგად ქვეყანაში მედიაპლურალიზმის ხელშეწყობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლითაც ტელემაუწყებლობა რთული ლიცენზირების პროცესიდან, გამარტივებულ ავტორიზაციის რეჟიმზე გადავიდა.

სომხეთის დელეგაციას საქართველოში „საქართველოს რეგიონულ მაუწყებლთა ასოციაცია“ მასპინძლობს.