"მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს

"მაგთიკომის" აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა.

"ბანკები და ფინანსები" ჯერ კიდევ აპრილის თვეში წერდა, რომ კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების ზრდას გეგმავდა. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს SMS შეტყობინების საფუძველზე ამცნო, თუმცა, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც შეტყობინებიდან ირკვეოდა, 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდებოდა 14 თეთრით და წუთის ღირებულება 10 თეთრის ნაცვლად 24 თეთრი უნდა გახმდარიყო. თუმცა, არსებული რეალობა უფრო განსხვავებული აღმოჩნდა. გაძვირებული ტარიფები შეეხო არა მხოლოდ "ბანის" არამედ "მაგთის" აბონენტებსაც. 27 აპრილიდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, როგორც შიდა ქსელში - "ბანის", "მაგთის" და "ბალის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერირ მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც "მაგთიკომმა" ოფიციალური შეთანხმება გააფორმა ინტერნეტპროვაიდერ "კავკასუსონლაინთან" და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა, ჩათვალა, რომ დროა მობილური ოპერატორების ბაზარზე იაფი ტარიფების ხანა დასრულდეს და 90-იანი წლების ტარიფებს უნდა დავუბრუნდეთ.

"მაგთიკომი" 90-იან წლებშიც ფაქტორივად მონოპოლისტი იყო, დღესაც იგივე პოზიციებს იბრუნებს, მაშინ 24-28 თეთრამდე მერყეობდა ერთი წუთის ღირებულება, დღესაც იგივე ტარიფებს ვუბრუნდებით. ბაზარზე კონკურენციის შემცირებამ კომპანიას კვლავ ტარიფების ზრდისკენ უბიძგა.

აღსანიშნავია, რომ გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდა გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც. მაგალითად, ტარიფი "ზერო+" ამჟამად მისი ღირებულება თვეში 1 ლარია, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენს, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასოა, 27 აპრილიდან კი ღირებულება იზრდება. ზარის წამოწყება უკვე 10 თეთრი ეღირება, ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიდევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ, ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 24 აპრილიდან იგი 30 თეთრი ღირს.

აპრილში, როდესაც მომხმარებლებს ტარიფების ზრდის შესახებ ეცნობათ, ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით მიზეზით. კომპანია "მაგთიკომში" კი განაცხადეს, რომ ტარიფების ზრდა ბაზარზე არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. როგორც ჩანს, ბაზარზე არსებულ მდგომარეობაში, კონკურენციის შესუსტება იგულისხმება. "კავკასუს ონლაინის" შესყიდვის შემდგომ მოსალოდნელია, რომ როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის, ასევე ინტერნეტბაზარზე არსებული კომპანიები ვეღარ შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ "მაგთიკომს", რომელსაც აბონენტების დაკარგვის შიში გაუქრება და ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას მოიპოვებს. ეს ყველაფერი კი, როგორც ჩანს, ტარიფების ზრდას და მომხმარებლის სერიოზულად დაზარალებას გამოიწვევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როგორც შიდა ქსელში, ასევე სხვა მობილურ ოპერატორებთან, წუთში 24 თეთრიანი ტარიფი ჯერ კიდვ 90-იან წლებში იყო. მაშინ როდესაც ბაზარზე სიტუაციას "მაგთიკომი" აკონტროლებდა.

მას შემდეგ კი, რაც ბაზარზე "ჯეოსელი" და "ბილაინი" გამოჩნდნენ და რეალური კონკურენცია გაჩნდა, ტარიფები ყოველწლიურად მცირდებოდა. და აი, ახლა კვლავ ვბრუნდებით წარსულში და ძვირი ტარიფების ეპოქაში.

არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პოზიცია, რომელიც მუდმივად კომპანიების მხარეს დგას და მომხმარებლების ინტერესებს მუდმივად უკანა პლანზე აყენებს. ამჯერადაც, ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით მათ "მაგთიკომისთვის" არანაირი განმარტება არ მოუთხოვიათ და მოსალოდნელია, რომ არც მოსთხოვენ მომავალში.

ასეთია რეალობა, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ "მაგთიკომის" აბონენტები, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ძვირი ტარიფების ეპოქა დაბრუნდა. ვნახოთ, "კავკასუს ონლაინის" შესყიდვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააძვირებს თუ არა მომსახურებებს "მაგთიკომი" ინტერნეტბაზარზეც.

გიორგი კაპანაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"