ნავთობზე ფასი გაიზარდა

Goldman Sachs-ის ახალი პროგნოზის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემებით, "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 48,47 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა მონაცემებს 64 ცენტით აღემატება. WTI მარკის ნავთობი 1,3%-ით გაძვირდა და ბარელზე მისმა ფასმა 46,81 აშშ დოლარი შეადგინა.

Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, ნავთობის ბაზარს დეფიციტი ელოდება. სპეციალისტების მოსაზრებით, წლის მეორე კვარტლის შემდეგ ნავთობმოპოვების მოცულობა შემცირდა, რაც განპირობებულია თავდასხმებით ნიგერიის მილსადენებზე და ტყის ხანძრებით კანადაში.

თუმცა ამასთანავე, Goldman Sachs-ში აცხადებენ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ბაზარს კვლავ გადაჭარბებული შეთავაზება ელოდება, რაც გამოწვეულია ირანსა და ერაყში ნავთობმოპოვების მოცულობის ზრდით.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2017 წლის დასასრულს, ნავთობის მსოფლიო ფასი 60 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

როგორც Goldman Sachs-ის ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოთხოვნამ ნავთობზე შესაძლოა თვეში 1,4 მილიონ ბარელს მიაღწიოს, რაც პროგნოზირებადზე 200 მილიონი ბარელით მეტია.

ამასთანავე, აშშ-ში მიმდინარე თვის ნავთობის მარაგმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 1929 წლის შემდეგ.