ბიაიჯი წელს რეგიონებში განვითარებას ტექნოლოგიური პროდუქტების მეშვეობით გეგმავს

ბიაიჯის შესახებ. ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხესა და გორში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 10 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიებზე, მომსახურების სფეროს კომპანიებზე და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

გთავაზობთ ბიაიჯის დირექტორის დავით ბობოხიძის ინტერვიუს:

- ბოლო დროს მიკროსაფინანსო ბაზრის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ინტერესი შესამჩნევად გაიზარდა. ამის საფუძველს ქმნის მიკროსაფინანსო სექტორის წილის ზრდა მთლიან საფინანსო სექტორში. თუ შევაფასებთ მიმდინარე სიტუაციას, რა გამოწვევები აქვს მიკროსაფინანსო ბაზარს დღეს?

- მთელ მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრეროგატივაა, ვინაიდან ბევრ მცირე მეწარმეს ხელი არ მიუწვდება საბანკო დაფინანსებაზე. ამ ფონზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება, იხვეწება შეთავაზებული პროდუქტები და უმჯობესდება მომსახურების ხარისხი, დღეს-დღეობით დარგში არსებული გამოწვევები მაინც მრავლადაა.

გამოწვევები შეეხება როგორც საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე კომპანიების მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკუთარ ბიზნეს მოდელს აწყობენ სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო-საკონსულტაციო კომპანიების პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მომხმარებლის დაცვას და სოციალური მისიის შესრულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მიკროსაფინანსო ასოციაციის როლი ამ პრინციპების წევრ კომპანიებში გავრცელებასა და დანერგვის ხელშეწყობაში.

თუმცა კომპანიების მხრიდან ასეთი მიდგომების დანერგვა არის თითოეული კომპანიის გადაწყვეტილება და არა კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ, საკანონმდებლო კუთხით ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს, რადგან ცოტა ხნის წინ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ორგანიზებით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, პარლამენტში გაიმართა Smart Campaign-ის Bankable Frontier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია - ''მომხმარებელთა დაცვა და მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში: განვითარების შესაძლებლობის მქონე პასუხისმგებლიანი ბაზარი''. კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვითარება განსაკუთრებულ საფუძველს ქმნის კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, კანონმდებლობაში სასურველი ცვლილებები, რომლებიც მრავალჯერ ყოფილა განსჯის საგანი მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრ კომპანიათა შეკრებებზე, ეხება სხვადასხვა საკითხებს. მათ შორის მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხის მაქსიმალური გასაცემი თანხის ოდენობის ზრდა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. აღნიშნული ცვლილების საჭიროება მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნამ განაპირობა. ეს ცლილება მოგვცემს საშუალებას მიკროდაკრედიტების ფარგლებში შევძლოთ მზარდი ფერმერული მეურნეობების და ურბანული ტიპის კომპანიების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა.

მეორე არსებითი საკანონმდებლო ცვლილება, რაც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, არის სხვა საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალის ფლობის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემს მიკროსაფინანსო სექტორს, თავისუფლად შეძლოს გაერთიანება და განვითარება.

შემდგომი ცვლილება ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას ეროვნულ ბანკში, რაც საჭიროა საერთაშორისო საბარათე სისტემაში გასაწევრიანებლად. აღნიშნული ცვლილებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახდება RTGS სისტემის მონაწილე და მოახდენს საბარათე სისტემების სხვა წევრებთან ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებას.

ჩვენი მხრიდან დავამატებდი, რომ კარგი იქნებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგვეცეს საშუალება, ჩავერთოთ ელექტრონული ხელმოწერის სერვისზე. ამ სერვისზე ჩართვით შევძლებთ უკეთესად შევასრულოთ ჩვენი მისია, ანუ შევქმნათ კლიენტის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. ამით ავამაღლებთ ჩვენი მომსახურების სისწრაფესა და ეფექტურობას.

ეს არის ნაწილი იმ ძირეული სასურველი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რაც ფართოდ დაეხმარება მიკროსაფინანსო სექტორს განვითარებაში.

როგორ შეაფასებდით 2015 წელს თქვენი ორგანიზაციისთვის?

2015 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, გავხსენით 5 ახალი ფილიალი - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ახალციხესა და რუსთავში წლის ბოლოს გაცემული სესხების ოდენობამ შეადგინა 26 689 178 ლარი, აქედან რეგიონებში გაცემულია 7 792 535 ლარი.

რეგიონულ განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ჩვენი პროდუქტებიც მორგებულია რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ საჭიროებებზე. ჩვენ კლიენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, წინასწარ დაფარონ თანხა ან ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით. კლიენტთან უკუკავშირი ხორციელდება თანამშრომლების მიერ მუდმივად, ხდება მათგან მიღებული ინფორმაციის შეკრება და პროდუქტების გაუმჯობესებისთვის გამოყენება.

აპრილში გავხსენით ფილიალი გორში და ახლო მომავალში ვგეგმავთ ფილიალის გახსნას სენაკში. რეგიონებში ჩვენი პრიორიტეტი აგრო სესხებზე ორიენტაციაა. ფერმერებს ვთავაზობთ თანხის მოქნილი გრაფიკით დაფარვის შესაძლებლობას კონკრეტული სამეურნეო საქმიანობის სეზონურობისა და სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

რას გულისხმობს სოციალური რეიტინგი, რომელიც მოგანიჭათ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MicroFinanza-მ?

2015 წელი კომპანიისთვის განსაკუთრებული იყო სოციალური პროექტების კუთხითაც. კომპანიის ზრდასთან ერთად, იზრდება სოციალური საქმიანობის მიმართ მოთხოვნები, რათა უკეთესად შევასრულოთ ჩვენი სოციალური მისია. ჩვენი კომპანიის ორგანიზაციული სისტემა და ოპერაციები თანხვედრაშია ჩვენს სოციალურ მიზნებთან, და მოიცავს მენეჯმენტის, მმართველობის , ანგარიშგების, ადამიანური რესურსების მართვის და შიდა კონტროლის ყველა ასპექტს. ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში დავნერგეთ გლობალური The Global Social Performance Task Force (SPTF) სტანდარტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ვმუშაობთ მათ გაუმჯობესებაზე.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ MicroFinanza-მ მოგვანიჭა სოციალური რეიტინგი, რაც გულისხმობს არსებული სოციალური საქმიანობის მენეჯმენტის შეფასებას. ჩვენი საქმიანობით, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შევამციროთ სიღარიბე, ხელი შევუწყოთ დასაქმებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება Smart Campaign- ის პროექტში ჩასართავად. ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შექმნილი სპეციალური პროექტი, რომლის 7 პრინციპის დაცვა კომპანიების მხრიდან უზრუნველყოფს მათი კლიენტების უფლებების დაცვას. ამ კამპანიაში ჩართული კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ კლიენტების მიმართ და თავის საქმიანობაში დანერგილი აქვთ შემდეგი პრინციპები:

• მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის დიზაინი და მიწოდება;

• ზედმეტი ვალებისგან თავის არიდება;

• გამჭვირვალობა;

• პასუხისმგებლიანი ფასები;

• სამართლიანი და თავაზიანი მოპყრობა მომხმარებლის მიმართ;

• მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალობა;

• საჩივრების გადაჭრის მექანიზმები.

ახლახან გავწევრიანდით სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი ძალისხმევით სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დადებით წვლილს შევიტანთ კლუბის საქმიანობაში.

უფრო მეტიც, ვაპირებთ გავერთიანდეთ გაეროს გლობალურ შეთანხმებაში და პრაქტიკაში დავნერგოთ ამ შეთანხმების ფარგლებში მოქმედი 10 პრინციპი, რომლებიც მოიცავს 4 მიმართულებას: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

2016 წელს დაგეგმილი გვაქვს რიგი სოციალური პროექტები, რომლებსაც განვახორციელებთ როგორც საკუთარი ძალებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებას ფერმერებისთვის - სპეციალურ ტრენინგებს მოწვეული აგრონომის დახმარებით; გაზეთ „აგრომანი“-ს გამოშვებას ფერმერთათვის საინტერესო სტატიებით და რეგიონებში გავრცელებას (უკვე დაბეჭდილია გაზეთის მე-4 გამოცემა 70 000 ეგზემპლარად და ვრცელდება ჩვენი დაკრედიტების ექსპერტების მეშვეობით). წლის ბოლომდე ვგეგმავთ გაზეთის შემდგომი გამოცემის დაბეჭდვა-გავრცელებასაც. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას გამოვიჩენთ სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად ორგანიზებული და გარემოს დაცვითი პროექტების მიმართაც.

რა გეგმები გაქვთ 2016 წელს?

2016 წელს გავაგრძელებთ განვითარებას 3 სტრატეგიული მიმართულებით: რეგიონებში განვითარებას , ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვას და არსებულის სრულყოფას, და მიმდინარე და პოტენციური კლიენტებისთვის სოციალური პროექტების განხორციელებას.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი,რომ ბიაიჯი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვას და პროცესების ოპტიმიზაციას, რაც თავის მხრივ, კომპანიის ეფექტიანობის ზრდის განმსაზღვრელია. უკეთესი ეფექტიანობის მისაღწევად მიზანმიმართულად დავგეგმეთ რამდენიმე პროდუქტის დანერგვა. მაგალითად, კონკრეტული პროდუქტისთვის სესხის დისტანციური მართვის მოდული ჯერ კიდევ 2014 წელს დავნერგეთ. ეს მოდული გულისხმობს სამუშაო ადგილზე სესხის განაცხადის შევსებას პლანშეტის მეშვეობით დაკრედიტების ექსპერტის მიერ და ოფისში გადაგზავნას დასამტკიცებლად.

მაისის ბოლოს ვნერგავთ პლასტიკურ ბარათებს, რომლის მეშვეობით კლიენტი სესხის თანხას გაიტანს პარტნიორი ბანკების ბანკომატებისა და ფილიალების მეშვეობით. ბარათი იქნება ორი სახის - სტანდარტული და საკრედიტო ხაზის ტიპის. საყურადღებოა, რომ ეს უკანასკნელი მიკროსაფინანსო ბაზარზე ნოვაციას წარმოადგენს.

ამ ტექნოლოგიური ციკლის დასრულება იქნება სესხის დისტანციური მართვის მოდულის, პლასტიკური ბარათის და ელექტრონული ხელმოწერის ერთ პლატფორმაზე გაერთიანება, რომელსაც მოვარგებთ ჩვენს პროდუქტებს. ეს განსაკუთრებით გამოგვადგება მთიან რეგიონებში. ასეთნაირად აწყობილი პროცესი დააჩქარებს კლიენტის მომსახურებას და აამაღლებს კლიენტების კმაყოფილებას გაწეული მომსახურების მიმართ.

გრძელვადიან პერსპექტივაში ბიაიჯი გეგმავს ჩამოყალიბდეს როგორც კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და უკეთესად აბალასებს კომერციულ და სოციალურ მისიას. ეს დაბალანსება გამოიხატება როგორც ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებაში, ასევე სოციალური მისიის შესრულებაში როგორ არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისა და მთელი საზოგადოების მიმართ.

ბიაჯის ფინანსური ინფორმაცია იხილეთ აქ

(R)