თბილისში სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა იქნება შესაძლებელი

თბილისში, 300 ადგილზე წიგნის მოყვარულებს საკუთარ სმარტფონში ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვის საშუალება ექნებათ.

თბილისის მერიაში დღეს ახალი პროექტი „ქალაქი - ბიბლიოთეკის“ პრეზენტაცია შედგა, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, პროექტის იდეა რატი ამაღლობელს და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ეკუთვნის, ხოლო თავად პროექტი ქალაქის მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამუშავდა. პროექტის პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

დავით ნარმანიას თქმით, დაინტერესებულ პირებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, საკუთარ სმარტფონში რამდენიმე ასეული ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვის საშუალება ექნებათ. მერის განცხადებით, ამ მიზნით ქუჩებში მინიშნებები განთავსდება, თუ სად შეიძლება ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვა სმარტფონებში.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერია დღეიდან აცხადებს კონკურსს თანამედროვე დიზაინის მანიშნებების გამოსავლენად. როგორც მერიაში აცხადებენ, კონკურსი პირველ ივნისს დასრულდება, რის შემდეგადაც 300-მდე წერტილში ელექტრონული ბიბლიოთეკების მანიშნებლები განთავსდება.

როგორც პრეზენტაციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, სმარტფონში ელექტრონული წიგნის კითხვა მსურველებს უკვე შემოდგომაზე შეეძლებათ. „საბას“ ელექტორნული ბიბლიოთეკის მინიშნებები თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში და პანთეონებთან დამონტაჟდება.

რატი ამაღლობელის განცხადებით, ასევე აუდიო ვერსიები იქნება უსინათლოებისთვისაც, უცხოელებისთვის კი ქართველ მწერალთა და პოეტთა ნაწარმოების თარგმნა მოხდება, რათა ისინი ასევე ჩაიტვირთოს სმარტფონებში.