Google შესაძლოა, რამდენიმე მილიარდით დაჯარიმდეს

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, ევროკომისიამ ინტერნეტსაძიებო გიგანტი Google შესაძლოა, 3 მილიარდი ევროთი დააჯარიმოს.

The Sunday Telegraph-ის ცნობით, მარეგულირებლის გადაწყვეტილება მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი.

ამ საქმეზე ევროკომისიაში გამოძიება ჯერ კიდევ 2010 წლიდან მიმდინარეობს. ევროკავშირი ამერიკულ გიგანტს ევროპის ტერიტორიაზე დომინანტი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ევროკომისიას შეუძლია დააჯარიმოს კომპანია მისი წლიური შემოსავლების 10%-ით, ასეთ შემთხვევაში კი ჯარიმამ შესაძლოა, 6 მილიარდ ევროს მიაღწიოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკომისია მსგავს სადამსჯელო ზომას მიმართავს. დღეისათვის ევროკომისიის მიერ ჯარიმის სახით გამოყენებული ყველაზე დიდი ოდენობა იყო 1 მილიარდი ევრო, როდესაც 2009 წელს ორგანიზაციამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო ასევე ამერიკული კომპანია Intel დააჯარიმა.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე