აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები პოლონურ გამოცდილებას გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების თანამშრომლები პოლონურ გამოცდილებას გაეცნენ.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, სერვისის განვითარების განყოფილების თანამშრომლები საქმიანი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოს მარშლის ოფისს სტუმრობდნენ. ისინი კატოვიცეში გამართული შეხვედრებისას სასტუმროთა კლასიფიკაციის სისტემასა და სასტუმროთა სტანდარტიზაციისთვის მონიტორინგის პროცედურებს გაეცნენ. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს სამთო გიდების თეორიული და პრაქტიკული გამოცდების მიმდინარეობაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პოლონურ გამოცდილებას მიმდინარე წელს, გიდებისთვის ხარისხის ნიშნის - „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭების პროცესში გამოიყენებს. პირველ ეტაპზე ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის - მტირალას ეროვნული პარკის გიდისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იგეგემება.

გიდად აღიარების მსურველმა სპეციალური განაცხადი/ანკეტა ვებ გვერდზე www.recommend.ge უნდა შეავსოს. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას და მოაწყობენ საჩვენებელ ექსკურსიას, რის შემდეგაც მათთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება მოხდება.