სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით განისაზღვრა

11 მილიონიანი ბიუჯეტით ახალ ბიზნეს და ინოვაციურ იდეებს საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს.

პროგრამის ფრონტ-ოფისი ტექნოპარკის შენობაში განლაგდება.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, სტარტაპების დაფინანსების პროგრამა უახლოეს მომავალში დაიწყება.

,,ივნისშივე გამოცხადდება პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, საიტზე კი განთავსდება სარეგისტრაციო ფორმები.  ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ” ,,საპარტნიორო ფონდთან” ერთად მუშაობს და საერთო ჯამში, პროექტზე11 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროგრამა სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება”, - განმარტეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, იდეის ავტორის თანადაფინანსება იქნება მინიმუმ 10%-იანი, იდეა კი შეფასდება 40%-იან წილად. შესაბამისად ბენეფიციარი სტარტაპ კომპანიაში სულ მცირე 50%-იანი წილის მფლობელი გახდება. შემდგომში კი ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, გამოისყიდოს ფონდის წილი შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში იქნება 95%, ხოლო ფონდის მხრიდან პროექტი 100 ათას ლარამდე დაფინანსდება.

დამწყები ბიზნესმენები და ასევე ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესი მიიღებს დაფინანსებას პირადი ქონების უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე.

ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარებისათვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებასა და საკონსულტაციო მომსახურებას.

სააგენტოში განმარტავენ, რომ პროექტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცემა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქე პირს ან პირთა ჯგუფს.

პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შემდგომში 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე