დავით ნარმანია ”ნაცმოძრაობას” განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდაში ადანაშაულებს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის მერმა ”ნაციონალური მოძრაობა” „მანკიერი პრაქტიკის“ შემოღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაწესდა.

„ჩვენ ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენს მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.