საფრანგეთში სატვირთო მანქანების მძღოლები შრომის კოდექსს აპროტესტებენ

საფრანგეთი საპროტესტო აქციების ახალმა ტალღამ მოიცვა. შრომითი კოდექსის რეფორმას სატვირთო მანქანების მძღოლები აპროტესტებენ. ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მარსელში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ცვლილებების შეტანაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ”ევრონიუსი” იუწყება.

სატვირთო მანქანების მძღოლებს აეროპორტის და რკინიგზის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები იგეგმება ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებშიც. დემონსტრანტების განმარტებით, რეფორმების მიხედვით სამუშაო დრო იმატებს, რაც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და, შესაბამისად, დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ქვეყნის პრეზიდენტი დათმობებზე წასვლას არ გეგმავს. ფრანსუა ოლანდის თქმით, კანონში ცვლილება არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად შევა.

შრომითი კოდექსის განსახორციელებელი ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულმა აქციებმა განსაკუთრებული ინტენსივობა გასულ თვეს შეიძინა. ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, დემონსტრაციების შედეგად 300 ადამიანი დაშავდა, 1000 კი წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრეს.