საქართველოს უკრაინელი ინსტაგრამ-ბლოგერები სტუმრობენ

Georgia Instagramers Tour - ამ სახელწოდებით უკრაინელმა ინსტაგრამ-ბლოგერებმა საქართველოში პროექტი დაიწყეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 საუკეთესო უკრაინელი ინსტაგრამ-ბლოგერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევითა და ავიაკომპანია Yanair-ის მხარდაჭერით ეწვია.

საქართველოში სტუმრობისას ინსტაგრამ-ბლოგერები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, იმოგზაურეს აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში. ბლოგერები საქართველოს შესახებ დაგროვილ ინფორმაციასა და ფოტო-კოლაჟს პოპულარულ ინსტაგრამ-გვერდებზე განათავსებენ, რაც კიდევ უფრო აამაღლებს უკრაინელ ტურისტებში საქართველოს კურორტებზე არსებულ ცნობადობას და ხელს შეუწყობს საქართველოში მეტი ტურისტის მოზიდვას.

”უკრაინელ სტუმრებს მცხეთაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უმასპინძლა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, უკრაინა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის. 2016 წლის იანვარ-აპრილში უკრაინიდან საქართველოს 40 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 22%-ით მეტია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.