ლისის ტბის ფერდობზე თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი შენდება

320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება.

სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის ფერდობზე განთავსდება.

საერთო საცხოვრებლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის შესრულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 250 777 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე გაკეთდა კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა სახის დამხმარე ინფრასტრუქტურა.

ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენობის გარეთ მიმდინარეობს შიდა გზების და ბილიკების, ღია ტიპის სპორტული მოედნის, გარე ტრენაჟორებისა და გარე განათების მოწყობა.

საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

სტუდენტურ საცხოვრებელში ერთდროულად 320 სტუდენტი შეძლებს ცხოვრებას და განათლების მიღებას.  პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე