გიორგი ქადაგიძე - ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი

ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და სტუდენტებთან მეტი მუშაობა, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პოლიტიკაში მის წასვლასთან დაკავშირებულ კითხვებს.

ამასთან, ქადაგიძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ათეულს აფასებს და აცხადებს, რომ მათ პროფესიონალიზმის გამო გულშემატკივრობს.

”მოთხოვნა "ახალ სახეებზე" პოლიტიკაში: თუ ხელოსანი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ ექიმი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ მასწავლებელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს. თუ თანამშრომელი გვჭირდება, ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს და პოლიტიკაში გვინდა ახალი და გამოუცდელი?! - რა თქმა უნდა, არა. განახლების ქვეშ იგულისხმება მცოდნე, გამოცდილი და ახალი ენერგიის მატარებელი. ვუყურებ ”ნაციონალური მოძრაობის” "ათეულის" პრეზენტაციას და ვგულშემატკივრობ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ჩემი მეგობარია, არამედ, პირველ რიგში, მათი პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო”, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

ქადაგიძე ასევე საკუთარ გეგმებზე წერს.

”რადგან არის კითხვები, აქვე ვიტყვი, რომ ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, სტუდენტებთან მეტი მუშაობა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის”, - წერს გიორგი ქადაგიძე.