მიიღებენ თუ არა კომპენსაციას სეტყვისაგან დაზარალებული ოჯახები?

ბოლო ათი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყველაზე მეტად საქართველოს ორი რეგიონი - შიდა ქართლი და კახეთი დააზარალა.

ცნობილია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 6400 ჰექტარი, ხოლო ქარელში 1300 ჰექტარი მიწა დაზიანდა. რაც შეეხება კახეთს, იქ დაახლოებით 30-მდე სოფელი დაისეტყვა და ზარალი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. ამ ფაქტის გამო ჩვენს მოსახლეობაში ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. პირველ რიგში, რატომ ვერ იმოქმედა სათანადოდ კახეთის რეგიონში დამონტაჟებულმა სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურამ, რომელსაც 95 პროცენტით უნდა შეემსუბუქებინა სეტყვის შედეგები? გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვისსაწინააღმდეგო აპარატიდან რამდენიმე ჭურვის გასროლა კი მოხდა, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა. სეტყვით დაზარალებული გლეხები და ფერმერები კომპენსაციის მოლოდინში არიან.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ და სხვა საკითხებზე დაზარალებულ რეგიონებში. თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, გიორგი მოსიაშვილი, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და მუდმივი კონტაქტი აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ზარალი არის, მაგრამ გასულ წელთან შედარებით, მცირეა.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობაში გაჩნდა კითხვა - რატომ ვერ დაიფარა ჩვენი რეგიონი აქ განთავსებულმა სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურამ. როგორც ვიცი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო, თანაც, ამ დანადგარიდან ჭურვის სროლა ყოველთვის არ არის დაშვებული, როდესაც თვითმფრინავი, ან სხვა ტიპის საფრენი აპარატი მოძრაობს, უფლება არა აქვთ, რომ ღრუბლების დასაშლელი ჭურვი გამოიყენონ. მართალია, რამდენიმე ჭურვი კი გამოიყენეს და ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სეტყვის შედეგები, მაგრამ არც იმდენად, რომ სეტყვა არ მოსულიყო. სწორედ ამიტომ არის დაზღვევა საჭირო და აუცილებელი. ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურად ისე ძლიერი არ არის, რომ ყველა ოჯახის ზარალი აანაზღაუროს, ამიტომ, მოსავლის დაზღვევა ასეთ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია“, - აღნიშნავს გიორგი მოსიაშვილი.

ძალიან მწვავედ აფასებს კახეთში შექმნილ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი.

„ორი კვირის განმავლობაში კახეთში 30-მდე სოფელი დაისეტყვა. მომკითხავი არავინაა, ჩამოდიან, ნახულობენ, ათვალიერებენ, მაგრამ მთავრობა ჯერ არავის დახმარებია. სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურა, რომლითაც ეს ხელისუფლება თავს იწონებდა, დღესდღეობით უმოქმედოა. კი განაცხადეს, რომ ღრუბლების დასაშლელად ექვსი ჭურვი გაისროლეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მოსახლეობა უკვე ლაპარაკობს, რომ ეს აპარატი უსარგებლოა და ჭურვებსაც ტყუილად ისვრიან, რადგან სეტყვის ღრუბელს ვერ შლიან. ფაქტია, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში არაერთი სოფელი დაისეტყვა. წესით, ვისაც მოსავალი დაზღვეული აქვს, კომპენსაცია ისედაც ეკუთვნის, მაგრამ ამათი დაზღვევაც ისეთივე ფარსია, როგორც სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი, რომელიც ღრუბლებს ვერ შლის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ბიზნესპრესნიუსი“ კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ზარალის რაოდენობა ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ.

„კახეთში არის სოფლები, სადაც მოსავალი 1100 ჰექტარზეა განადგურებული. ჯერ უნდა დათვალონ მიყენებული ზიანის ხარისხი და ეს ინფორმაცია მთავრობას მიაწვდინონ. ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, ვის ეკუთვნის ფულადი კომპენსაცია და ვის - არა. ეს კი, მთავრობის გადასაწყვეტია. ბუნებრივია, ვისაც მოსავალი დაზღვეული აქვს, ზარალი ისედაც უნდა აუნაზღაურონ. აქ არის ერთი ნიუანსი - როდესაც ქვეყანაში დაზღვევის პროგრამა ამუშავდა, ავტომატურად ითქვა უარი კომპენსაციების გაცემაზე, რადგან ერთი მეორეს ხელს უშლის: თუ იმ გლეხს აუნაზღაურებენ ზარალს, ვინც დაზღვეული არ არის, მეორე წელს მოსავალს სხვებიც აღარ დააზღვევენ. იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე აქვს ფერმერს მოსავალი დაზღვეული, რადგან დაზღვევა ვრცელდება ქარიშხალზე, სეტყვაზე და წყალდიდობაზე. თუ მოსავალი წყალდიდობაზე გაქვთ დაზღვეული და სეტყვამ გაგინადგურათ, მაშინ კომპენსაციას ვერ გამოგიყოფენ. მოკლედ, აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი“, - გვითხრა გუბერნატორის წარმომადგენელმა მადონა ბატიაშვილმა.

ზარალის ანაზღაურების იმედი არა აქვთ შიდა ქართლში მცხოვრებ გლეხებსა და ფერმერებს. გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მკვიდრი ვასილ მაისურაძე ამბობს, რომ სეტყვამ ყველაზე მეტად ხეხილის ბაღები დაზიანა - ვაშლი, ქლიავი, ბალი, ალუჩა - ყველაფერი ძირს ჩამოყარა და გააფუჭა.

„გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსავალი სანახევროდ განადგურდა. ჩვენი სოფელი იმდენად არ დაზიანებულა, მაგრამ ზოგიერთი ნაკვეთი 40%-ით მაინც დაისეტყვა. ძალიან დიდი სეტყვა იყო და უამრავი გლეხის მოსავალი დააზიანა... ჯერჯერობით კომპენსაციაზე ლაპარაკიც კი არ არის. ამბობენ, დანაკარგს მარტო დაზღვეულ ხალხს აუნაზღაურებენო, მაგრამ ამის იმედიც არ გვაქვს. ისიც ითქვა, 100 პროცენტით უნდა გქონდეს მოსავალი განადგურებული, რომ კომპენსაცია მიიღოო, ერთი სიტყვით, ჯერ არ ვიცით რა გადაწყდება. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენს პრობლემებს როგორმე თვითონ მოვერიოთ“, - აღნიშნა ვასილ მაისურაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე