საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი და ტექნიკური ჯგუფი ხელფასების გაზრდას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტების ნაწილი, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სპეციალისტები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მასმედიაში დასაქმებულთა პირველად პროფკავშირში” გაწევრიანებულებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან განცხადება გააკეთეს. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 21-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვინც ამ განცხადებას უერთდება და ასეთი თანამშრომლების რაოდენობა 83-ია, გაიფიცება.

„ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სპეციალისტები ვართ. ჩვენ იმ გუნდის დიდი ნაწილი ვართ, რომლის მეშვეობით თქვენ წლების მანძილზე ”მოამბეს” უყურებთ. ჩვენ ისინი ვართ, ვინც წლების მანძილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგროვილი პრობლემებისა და განუკითხაობის თაობაზე ხმის ამოღება გავბედეთ. მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა, ოფიციალურად დაფიქსირებული ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს წლების განმავლობაში არ მომატებიათ ხელფასები. დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულებს სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის საჭირო პირობებით, არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწნებული მინიმალური სტანდარტები. გვამუშავებენ მეტს, გვიხდიან ნაკლებს! ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა მაუწყებლის ბიუჯეტი ყოველწიურად იზრდება“, - აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები.

განცხადებაზე ხელმომწერების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს საკუთარი პრობლემებით მენეჯმენტს, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მიიღეს.

„სხვაგვარ დამოკიდებულებას არც მოველოდით, იმ რეალობიდან გამომდინარე, როცა მაუწყებელში უსამართლობა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა. ჩვენ ვითხოვთ შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას. ჩვენ, დღესვე კოლექტიური დავის მედიაციის მოთხოვნით მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს. წერილების ჩაბარებიდან 21 დღეში ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საყოველთაო გაფიცვის უფლებას ვიტოვებთ. მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და სამეურვეო საბჭოს, აზრი არ აქვს ჩვენ დაშინებას, დაშანტაჟებას და მუქარას, ან იმის ძიებას, ვინ დგას ჩვენს უკან - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენს უკან ჩვენი მძიმე სოციალური პირობები და ოჯახები დგანან“, - აცხადებენ განცხადების ავტორები.

მათივე თქმით, მათი მიზანი არ არის ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, მათი მიზანია სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასების აღდგენა.

„ჩვენ ერთი გუნდი ვართ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ჩვენი რიგები ღიაა ყველასთვის, პოლიტიკური პარტიებისა და მათთან ასოცირებული პირების გარდა. ჩვენ ღია ვართ განსაკუთრებით იმ თანამშრომლებისთვის, ვინც გაბედავს და სისტემის მუქარასა და წნეხს არ შეუშინდება“, - აცხადებენ განცხადების ავტორები.

მათივე ინფორმაციით, მოთხოვნებს უერთდება ყველა ოპერატორი, ყველა მემონტაჟე და ჟურნალისტების ნაწილი.