Tripadvisor-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ Tripadvisor-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სარეკლამო კამპანია 10 მიზნობრივ ბაზარს მოიცავს. კერძოდ, აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი.

”ხელშეკრულება გავაფორმეთ მასზედ, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება 10 ტურისტულ ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალით. TripAdvisor-ს ყოველთვიურად 340 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს მსოფლიოში. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ფორუმია და მსოფლიო ტურისტული საზოგადოების წინაშე ასეთი ფორმით საქართველოს რეკლამირება ხელს შეუწყობს, რომ როგორც მიზნობრივი ბაზრებიდან, ასევე დამატებითი ბაზრებიდან ტურისტები მოვიზიდოთ საქართველოში”,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფორუმზე გავრცელდება ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ასევე ზოგადად, ქვეყნის შესახებ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერებს 6 თვის განმავლობაში, ათივე ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი იხილავს.

Tripadvisor -თან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს ეწვია მიმართულებების მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი.

”ვიზიტის მიზანია Tripadvisor-ის მხარეებს შორის მოხდეს სერვისების ინტეგრირების, ინფორმაციის გაცვლის, სარეიტინგო და მიმოხილვითი ფუნქციების დანერგვა ადმინისტრაციის ტურისტულ პორტალზე http://georgia.travel”, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ჩოგოვაძის თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა მიმართულებების პრემიუმ პაკეტის მფლობელი, რაც გულისხმობს Tripadvisor -ზე საქართველოს შესახებ ფოტო-ვიდეო მასალის, ბროშურების, ტექსტური მასალის თუ ვიზუალური ნაწილის მოწესრიგების, განთავსების და ადმინისტრირების შესაძლებლობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, 6 თვის შემდეგ ადმინისტრაცია TripAdvisor-ის პორტალზე კიდევ ერთი მასშტაბური კამპანიის წამოწყებას გეგმავს.

პროექტის საწყისი ღირებულება 200 000 ლარამდეა.

TripAdvisor-ს ყოველთვიურად 340 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტმომხმარებელს პორტალზე 350 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვს დატოვებული. TripAdvisor-ზე 6.5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე