მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქვეყანა

მდიდარ და სტაბილური ეკონომიკის ქვეყანაში ცხოვრება ამ ქვეყნის მოქალაქეებს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

ქვეყნის სიმდიდრის რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრებითა და კარიტერიუმებით განისაზღვრება, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელია. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მაჩვენებელია.

ყატარი - 145 894 დოლარი

ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ხარჯზე ვითარდება. ყატარში უმუშევრობის დაბალი დონის, მაღალი შემოსავლებისა და ცხოვრების დონის, თანამედროვე განვითარებული ინფრასტრუქტურის წყალობით, მიგრანტების რიცხვი სულ უფრო იმატებს.

ლუქსემბურგი - 90 333 დოლარი

ლუქსემბურგის ეკონომიკა სტაბილურობითა და განვითარებით გამოირჩევა. ინოვაციების მაღალმა დონე, ინფლაციის, გადასახადებისა და უმუშევრობის დაბალმა მაჩვენებელმა ქვეყანა ბიზნეს-მიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულალურ ქვეყნად აქცია მათთვის, ვისაც სურს აწარმოოს საქმეები და არ გადაიხადოს უზარმაზარი გადასახადები. ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 549 ათასია.

სინგაპური - 78 762 დოლარი

ქვეყნის ეკონომიკა გამოირჩევა განვითარების წყაროების მრავალფეროვნებით, მაგრამ ძირითადად ვაჭრობასა და წარმოებაზეა დაფუძნებული, რომელიც მშპ-ის 25%-ს შეადგენს. სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო ცენტრია.

ბრუნეი - 73 823 დოლარი

ბრუნეი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, მისი მოსახლეობა მხოლოდ 415 ათასია. ეკონომიკა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ექსპორტის ხარჯზე ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ბრუნეი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც სახელმწიფო ვალი არ გააჩნია.

ქუვეითი - 70 785 დოლარი

ქუვეითი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია მსოფლიოში. გასაკვირი არ არის, რომ აქ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, ცხოვრებისა და შემოსავლების მაღალი დონე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანა იზიდავს უამრავ მიგრანტს, განსაკუთრებით მეზობელი არაბული ქვეყნებიდან.

ნორვეგია, 64 363 დოლარი

ნორვეგიის მოსახლეობა 5 მილიონზე ოდნავ მეტია. ქვეყნის ეკონომიკა, ძირითადად ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების, თევზის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ხარჯზე ვითარდება. უამრავი წლის განმავლობაში ნორვეგიის ეკონომიკა სტაბილურობით გამოირჩევა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, 63 181 დოლარი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა, ძირითადად ტურიზმს, ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტს ეფუძნება. ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას მაღალი შემოსავლის, განვითარებული ინფრასტრუქტურის, უმუშევრობის უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებლის გარანტიას აძლევს. გასაკვირიც არაა, რომ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩადის უამრავი ხალხი სამსახურის საშოვნელად.

სან მარინო - 62, 766 დოლარი

ქვეყნის ეკონომიკა წარმოებაზე, მომსახურების სფეროზე, ფინანსებსა და ტურიზმზეა დაფუძნებული. სან მარინო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მას არ გააჩნია სახელმწიფო ვალი, უმუშევრობის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია. ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 32 576 ადამიანია.

შვეიცარია - 53, 977 დოლარი

შვეიცარია არა მხოლოდ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში, არამედ ერთ-ერთი პირველია ცხოვრების მაღალი დონით. ქვეყანას მაღალტექნოლოგიური სტაბილური ეკონომიკა და შემოსავლის სხვადასხვა წყარო გააჩნია, მათ შორის ბანკები, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. შვეიცარია საქონლის ექსპორტით მე-15, ხოლო იმპორტით მე-17 ადგილზეა.

აშშ - 53, 001 დოლარი

ამერიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი ეკონომიკა გააჩნია, გახლავთ მოწინავე ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში და საკმარისი ბუნებრივი რესურსი აქვს, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით აშშ მხოლოდ მეათე ადგილზე იმყოფება.

დუდანა ზაქარაია