ქალაქ ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ქ. ამბროლაურის მერთან რატი ნამგალაძესთან ერთად ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო გზის დამცავი ბეტონის კედლები, მიმდინარეობს ქუჩებსა და ჩიხებში ასფალტის საფარის დაგება და საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ქალაქის მასშტაბით მოხდა 102 ერთეული ნაგვის ახალი კონტეინერის განთავსება. მოწესრიგდა ცენტრალური აგრარული ბაზარი, რომლის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

”აღმაშენებლის ქუჩაზე ხორციელდება მდ. კრიხულაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 527 308 ლარს შეადგენს. ამასთანავე მიმდინარეობს გურგენიძის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები და იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა ამავე ქუჩაზე. ვაჟა-ფშაველას და კოსტავას ქუჩებზე დასრულდა სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში კი იწყება კულტურის სახლთან მდებარე ე.წ. ,,მაგრელიოს“ სკვერის აღდგენა-კეთილმოწყობა”, - აცხადებენ ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ქალაქის რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება სპორტული ინვენტარი (ტრენაჟორები), უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია ინტერნეტის ქსელით (WiFi სისტემა) ქალაქის სრულად დაფარვა.