ფოთს ზაფხულიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

ფოთში, ნაბადის უბანში სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური აშენდა.

ობიექტი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამეგერელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი მთავრობის წევრები.

დასრულებული სამუშაოების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 22-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, დამატებით შვიდი ჭაბურღილის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება, რაც ფოთის 24-საათიან წყალმომარაგებას სრულად უზრუნველყოფს.

ფოთის წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.